ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოში ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება, პროკურორის ოფისის სახელით, ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარ მერიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისია უკავშირდება მოსამართლეების იანვრის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩემს ოფისს ნება დართონ, გამოიძიოს სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ მომხდარი დანაშაულები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ჩემს გუნდს რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. მოცემულმა შეხვედრებმა საშუალება მოგვცა აგვეხსნა, თუ როგორ მუშაობს სასამართლოს, რა შედის სასამართლოს ორგანოების ფუნქციებში. გარდა ამისა, საშუალება მოგვეცა განგვემარტა სასამართლო პროცედურების შემდგომი ეტაპები, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებული გამოძიება.
საშუალება მოგვეცა გვემსჯელა, თუ რას მოითხოვს და რა პროცედურებს მოიცავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა. მოცემული კომუნიკაცია ძირითადი ელემენტია იმ მოსამზადებელი ეტაპისა, რომელიც წინ უძღვის საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გამომძიებლების უფრო რეგულარულ მოვლინებას და ასევე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა ორგანოების პერსონალის ჩამოსვლას, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლოს მუშაობის ისეთ ძირითად ასპექტებზე, როგორიცაა დაცვის სამართლებრივი წარმომადგენლობის ხელშეწყობა, მოწმეთა დაცვა ან საზოგადოებასთან ურთიერთობა.
მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო ჩემს მიერ უკვე გაკეთებულ განცხადებაზე - მოცემული გამოძიების არცერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება. ის არის და დარჩება სრულიად კონფიდენციალური. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გამოძიება და მტკიცებულებათა შეგროვება წარიმართოს მიუკერძოებლად და ასევე იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი და ფიდუციური ვალდებულებები მოწმეების და იმ პირთა მიმართ, რომლებთანაც ურთიერთობა გვექნება გამოძიების მსვლელობაში. გამომძიებლები შეაგროვებენ მტკიცებულებებს სხვადასხვა წყაროდან. ჩვენი გამომძიებლები თავიანთ სამუშაოს შეასრულებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. ისინი შეამოწმებენ შესაბამის ადგილებს, შეაგროვებენ მტკიცებულებებს და დაკითხავენ მოწმეებს, შეაგროვებენ მასალას და დაათვალიერებენ დოკუმენტებს. ამიტომ თუ სადმე წაიკითხავთ რაიმე დეტალებს ჩვენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ქმედებების შესახებ, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ისინი ფიქტიური იქნება.
თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა - თუ რატომ იწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის მოვლენების გამოძიებას მხოლოდ ახლა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია საპროცესო ქმედების განხორციელება, თუ ქვეყნის ხელისუფოლება თავად აწარმოებს (ან აწარმოა) საპროცესო ქმედებებს ეროვნულ დონეზე. საქართველოში ამას ადგილი ჰქონდა გასული წლის დასაწყისამდე. ამგვარად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების დრო მნიშვნელოვნად განპირობებული იყო ქვეყნის შიგნით წარმოებული გამოძიების ტემპით და საბოლოო ჯამში, მისი ნაკლებობით.
რაც შეეხება იმ სავარაუდო დანაშაულებს, რომლებსაც გამოძიება შეისწავლის, მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ იმის მიხედვით, თუ რა მტკიცებულებებს მოიპოვებს ოფისი, მე, როგორც პროკურორსმ შემეძლება ბრალის წაყენება სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებაში, განურჩევლად იმისა, თუ რა ეროვნების იქნებიან სავარაუდო დამნაშავეები ან რომელ მხარეს მოეკუთვნებიან ისინი. გამოძიება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება მტკიცებულებების შეგროვებას და დამოკიდებული იქნება რესურსებზე, უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე.
როდესაც ამის დრო მოვა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს შუამდგომლობით მივმართავ, რათა მათ გასცენ იმ პირთა დაკავების ან სასამართლოში გამოცხადების ბრძანება, რომლებიც მიჩნეულნი იქნენ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირებად ჩვენი დამოუკიდებელი გამომძიებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძალაზე დაყრდნობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გამოძიებას არ ვიწყებთ კონკრეტული ეჭვმიტანილების გათვალისწინებით. ჩვენ არ გვაქვს ეჭვმიტანილების ან სამიზნეების სია. აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ ჩვენი გამოზიების დასასრულს, მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ და განვიხილავთ ყველა საჭირო მტკიცებულებებს, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იქნებიან ეჭვმიტანილები.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ოფისს და ზოგადად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, კონფლიქტის ყველა მხარის სრული თანამშრომლობის იმედი აქვს. მხარეების დროული და თანმიმდევრული თანამშრომლობა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ეფექტური გამოძიების ინტერესებშია. ეს ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას და სამართლიანობის აღდგენას იმ დაზარალებულებთან დაკავშირებით, რომელსაც კონფლიქტის შედეგად საშინელი ზიანი მიადგათ, განურჩევლად მათი ეროვნებისა თუ წარმომავლობისა", - ნათქვამია განცხადებაში.