საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „არჩევანში" „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის შეხვდა ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს. მისი თქმით, ბორდის წევრებს აქვთ ნათელი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს არხი, ნამუშევარი აქვთ გარკვეულ კონცეფციებზე.
„მეტიც, ისინი არიან მენეჯმენტის დამქირავებლები, როგორც დამქირავებლები, ასევე პასუხისმგებლები მენეჯმენტის კონტროლზე და თუ არ მოსწონთ მათი გადაწყვეტილებები, უფლება აქვთ თავისუფლად შეცვალონ მენჯმენტი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა პირველივე შეხვედრაზე მითხრეს, რომ აპირებენ პროცესის გახსნას და ეს ასეც მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საბჭომ გახსნა ეს პროცესი და ამ პროცესში ახლა ყველა მონაწილეობს. მე მიხარია, რომ არა მარტო ჟურნალისტები, ექსპერტები და საზოგადოება ჩაერთო დისკუსიაში. ეს უკვე ჯანმრთელი პროცესია. იმედია ასეთ სირთულეებს გადავლახავთ ამ ჩართულობით. „საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის ჩემი, თქვენი, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზია, ტელევიზია, რომელიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ ღიაობას და განხილვებს მოჰყვება შედეგი, ყოველ შემთხვევაში, პირველი სტრესული ინფორმაცია, რომ დღეის იქით ყველაფერი იხურება, შეიცვალა დიალოგის რეჟიმით და მე მივესალმები ამას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.