logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: „ნაციონალებმა“ ის ტოტი მოჭრეს, რომელზეც ისხდნენ
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

28 მარტი. 2016. 14:19



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი „ევროპის სახალხო პარტიის" საპატიო პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის განცხადებას „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. კოპალიანი მიიჩნევს, რომ  „ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას.


 

„ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას, ორიენტირი განსაზღვრული გვაქვს და  ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ იქითკენ, რასაც ევროპული ღირებულებები ჰქვია. ხშირად მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, ყველაფერს აკეთებს, რათა  ქართული სახელმწიფოებრივი  მდგომარეობა დააზიანოს. ეს  ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა.  ევროსაბჭომ ცალსახად  გადაწყვიტა, რომ ზაფხულში  ვიზა-ლიბერალიზაცია მოგვანიჭონ  და ამაზე  ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს.  არავინ მითხრას, რომ ამ კაცის უკან „ნაციონალური მოძრაობა" არ დგას! - თავისთავად ცხადია, რომ დგას, რა ალაპარაკებს - ეს სხვა საკითხია, თუმცა, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რომ არის მიმართული, ცალსახაა. აქედან გამომდინარე, მითქვამს და ვიმეორებ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას (თუ შეიძლება ამას ძალა ვუწოდოთ) მხარდამჭერის კუთხით, ჩვენს ქვეყანაში უკვე  ნულოვანი რესურსი აქვს. ამიტომ ეძებს საშუალებებს  საზღვარგარეთ პარტნიორ პარტიებთან, რომ  ჩვენი მდგომარეობა ევროპასთან მიმართებაში როგორმე დააზიანონ.  „ნაციონალები" ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ, ცხოვრებაში ყველანაირ საოცრებას ველი, მაგრამ ამ პოლიტიკური სექტის დაბრუნებას ნამდვილად გამოვრიცხავ. ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ მართეს ქვეყანა,  ქართველმა ერმა ერთხელ უკვე უთხრა - არა! და ეს „არა"არასდროს შეიცვლება!

 

 პარლამენტში რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე იმ საქმიანობის შესახებ, რასაც ევროპარლამენტში კანდელაკი, თაქთაქიშვილი, დარჩიაშვილი, ბაქრაძე  ეწევიან.  ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, ის პოზიტივი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ სამი წლის განმავლობაში მოიპოვა, გააქარწყლონ და ყველაფერი უკუღმა წარმოაჩინონ. „ნაციონალებს" სურთ, ჩვენ რუსეთთან გაგვაიგივონ, რომ თითქოს ჩვენთან არ არის სიტყვის თავისუფლება, იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და ა.შ. ის, რა  უბედურებაც რუსეთში ტრიალებს,   ჩვენ უნდა მოგვაწერონ,  თუმცა, არ  გამოსდით.  ისინი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ და საკუთარ თავს აზიანებენ, ვთვლი, რომ გუშინდელი ეს ჩართვა, სწორედ  ძალიან სერიოზული შეცდომა იყო.  ფაქტობრივად, ამ პოლიტიკური ძალის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მოხდა.   ხვალ და ზეგ, ნახავთ, რა გამოხმაურებას პოვებს არამარტო სახელისუფლებო შტოებში, არამედ   ჩვენს საზოგადოებაშიც. ფაქტობრივად, ამით ის ტოტი მოჭრეს, რომელზეც ისხდნენ", - განაცხადა კოპალიანმა. 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner