logo_geo
eng_logo
რა მოხდა 96 წლის წინათ თბილისის მისადგომებთან – უნიკალური გამოფენა, რომელიც 1921 წლის მოვლენებს გააცოცხლებს
- +

22 თებერვალი. 2017. 03:02



საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 25 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართება, სადაც, წარმოდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტო და დოკუმენტური მასალა. მათ შორის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დოკუმენტები და საფრანგეთიდან ერთი წლის წინათ ჩამოტანილი, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების, ნოე ჟორდანიასა და სხვათა პირადი ნივთები - ხელჯოხები, სამელნეები და სხვა.



როგორც „სითი კვირას" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა განუცხადა, გამოფენა 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებს ეძღვნება და გამოფენილ ექსპონატებს შორის, წარმოდგენილი იქნება წითელარმიელების საქართველოში შემოსვლის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა და იმ იუნკერების სია, რომლებიც ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ასევე, გამოიფინება ეროვნული გვარდიის წევრების ფოტომასალა, რომელიც თბილისს იცავდა.

 

„96 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისი დაეცა, შემოვიდნენ წითელარმიელები და პირველი რესპუბლიკის მთავრობა თბილისიდან განდევნეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო. მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის წერილი, თუ როგორ მიმართა მან დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებულ თავდაცვის კომიტეტს და მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებელებისა და სტუდნეტების სახელით.  მარო მაყაშვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აქტი და ასევე ძალიან საინტერესო საარქივო მასალა", -განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვლენ ის ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც 1921 წლის თებერვლის მოვლენებს იკვლევენ და მცირე ისტორიულ მიმოხილვას გააკეთებენ. სტუმრებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება მიეცემათ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და მისი მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.




ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს თითქმის საუკუნის წინანდელ ქართულ პრესას, თუ როგორ აღწერდნენ ჟურნალისტები თებერვლის მოვლენებს და ზოგადად რა განწყობა იყო მოსახლეობაში. ასევე, წარმოდგენილი იქნება მაშინდელი თბილისის დაცვის გენერალური შტაბის ბრძანებები და მოწოდებები მოსახლეობისა და ჯარისკაცების მიმართ.


„ეროვნული ბიბლიოთეკა, მასში დაცული საარქივო მასალით, ყოველთვის შეეხმიანება ამ ტრაგიკულ მოვლენას, რაც მოხდა 96 წლის წინათ, თბილისის მისადგომებთან. ვფიქრობ, ეს ფართო მასშტაბის გამოფენა დამთვალიერებელს კარგ წარმოდგენას შეუქმნის იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა თბილისის, საქართველოს დამცველებს და რა მიზნები ჰქონდათ ოკუპანტებს, რომლებიც შემოვიდნენ ქვეყანაში და ცდილობდნენ ჩვენს გასაბჭოებას, რაც მოახერხეს კიდეც. ეს გამოფენა იმ ისტორიულ პერიოდს თვალნათლივ დაგვანახებს", -განაცხადა ხოსიტაშვილმა.



მისივე თქმით, გამოფენა ერთ დღეს გასტანს და დასწრება თავისუფალი იქნება. ხოლო ელექტრონულად გაციფრებული მასალა, ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განთავსდება და გამოფენის ვირტუალურად დათვალიერება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.




როგორც „სითი კვირას" საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების უფროსმა მაია მიქაბერიძემ განუცხადა, ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდი ჩვეულებრივი არქივისგან იმით განსხვავდება, რომ იქ საქართველოში ნებისმიერ ენაზე გამოცემული წიგნის, ჟურნალის, თუ გაზეთის ერთი საარქივო ეგზემპლარი ინახება. მათია ნაწილი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოიპოვეს, ნაწილი სტამბიდან იგზავნება, ნაწილი კი, კერძო მფლობელებმა უსახსოვრეს. დაზიანებულ მასალას აღადგენენ, მაგრამ, თუ ბეჭდური მასალა საკმაოდ ძველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მათი გაციფრება ხდება.


„როდესაც დაბეჭდილ მასალას ხელს ჰკიდებ, რაც არ უნდა ფაქიზად მოექცე, ხელის ცხიმი დროთა განმავლობაში მაინც აზიანებს მას. რესტავრირებული ფურცელი კიდევ უფრო საფრთხილოა. მათი ელექტრონული ვერსია კი, უფრო მეტად ხელმისაწვდომია და იმავე დროს დაცულია შეხებისგან", - აცხადებს მიქაბერიძე.

 

 


 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner