„საკითხი დაისმება ასე, როგორ უნდა გავიდეს „ეროვნული ფორუმი" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დამოუკიდებლად თუ კოალიციასთან ერთად", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა და აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხს „ეროვნული ფორუმი" პარტიის ყრილობაზე გადაწყვეტს, რომელიც 3 აპრილს არის დანიშნული. მიროტაძის განცხადებით, პარტიის წევრები ფარული კენჭისყრის გზით გამოავლენენ, თუ როგორი უნდა იყოს „ეროვნული ფორუმის" მომავალი გზა.
„ეროვნული ფორუმი" საკუთარ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება მისი მომავალი გზა, დამოუკიდებლად თუ კოალიციასთან ერთად, გადაწყვეტს და გაახმოვანებს 3 აპრილის პარტიის ყრილობაზე, სადაც „ეროვნული ფორუმის" წევრები, დელეგატები ფარული კენჭისყრით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. განსახილველი თემა იქნება სწორედ ეს, როგორ და სად ხედავს „ეროვნული ფორუმი" თავის ადგილს, დამოუკიდებლად თუ კოალიციასთან ერთად 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში. პირადად მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს", - განაცხადა ანი მიროტაძემ.
დეპუტატის თქმით, მან ასევე მეტ-ნაკლებად იცის „ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური გუნდის წევრების განწყობები და დამოკიდებულები, თუმცა ამაზე საუბარს არ აპირებს.
„საკითხი დაისმება ასე, როგორ უნდა გავიდეს „ეროვნული ფორუმი" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დამოუკიდებლად თუ კოალიციასთან ერთად. ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს და დაემორჩილება „ეროვნული ფორუმის" თითოეული წევრი, მათ შორის პოლიტიკური საბჭო და პირადად „ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა", - განაცხადა ანი მიროტაძემ.
მისივე თქმით, ტრაგედია არ იქნება, თუკი ყველა პოლიტიკური ძალა ცალ-ცალკე გავა არჩევნებზე საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე. როგორც ანი მიროტაძემ აღნიშნა, თავის დროზე კოალიცია გაერთიანდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნის და იდეის გარშემო, რომელიც იყო რეჟიმის დამარცხება, ახლა კი, 2016 წელს, სხვა გამოწვევები და სხვა დროა. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ „ეროვნული ფორუმი" კოალიციას არ დატოვებს.
„როგორიც არ უნდა იყოს არჩევანი, „ეროვნული ფორუმი" კოალიციას პრობლემას არ შეუქმნის", - განაცხადა ანი მიროტაძემ.