ევროკავშირის პროექტის - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით" - პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული ენერგოეფექტური რეაბილიტაციის სამუშაოები #6 და #40 საბავშვო ბაგა-ბაღებში დასრულდა. განახლებული ბაღი დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტი ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა განახორციელა. სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში ორივე საბავშვო ბაღში მზის კოლექტორებთან კომბინაციაში მომუშავე გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემა, ასევე ახალი სავენტილაციო, ელექტროტექნიკური სისტემები და ენერგოეფექტური კარ-ფანჯრები დამონტაჟდა. მეორე ეტაპის ფარგლებში კი ორივე შენობის კედლების, სახურავისა და სარდაფის ჭერის მინერალური ბამბით დათბუნება განხორციელდა.
ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის შედეგად ემისიები #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 35.42, ხოლო #40 საბავშვო ბაღში წელიწადში 110.68 ტონა CO2-ით შემცირდება. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დაზოგვის მაჩვენებელი #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 188 085, ხოლო #40 ბაღში წელიწადში 575 727 კვტ/ს იქნება.
808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162.238 ევროთი აფინანსებს. პროექტით გათვალისწინებული მესამე, #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდება.
რუსთავის მუნიციპალიტეტი „მერების შეთანხმებას" 2011 წელს შეუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე.