სიგარეტის ცნობილი ბრენდის, Marlboro-ს მწარმოებელ კომპანია Philip Morris -სს სააქციო საზოგადოება „თბილთამბაქოს" სასარგებლოდ 92 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. საქმე ეხება დემპინგს, ანუ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
როგორც „პოსტალიონს"სააქციო საზოგადოების დირექტორმა ზვიად მუკბანიანმა განუცხადა სარჩელი 7 თვის წინ შეიტანეს, 10 თებერვალს კი პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და Philip Morris -სს 92 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
ზვიად მუკბანიანი: წლების განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით , არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოებით, მულტინაციონალური თამბაქოს კომპანიები და მათ შორის კომპანია "ფილიპ მორისი", საქართველოს ტერიტორიაზე , მთელი რიგი ბრენდების სიგარეტების თვითღირებულებაზე უფრო იაფად რეალიზაციას ეწეოდა. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რის გამოც ჩვენ უდიდეს ფინანსური ზარალი მოგვადგა, რადგან მათგან განსხვავებით ჩვენ ამ ქვეყანაში კანონებს ვიცავდით და თვითღირებულებაზე უფრო იაფად არ ვყიდდით ჩვენს მიერ წარმოებულ სიგარეტს. ფასის ხელოვნურად დაწევის ფონზე, ცხადია, რომ მათ მოახდინეს ბაზრის სეგმენტის წართმევა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართეთ საქართველოს სასამართლოს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაგვიდასტურა, რომ Philip Morris-ი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა ქართულ ბაზარზე გარკვეული ბრენდის სიგარეტების დემპინგს, ანუ თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვას, და შესაბამისად სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და ჩვენთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
- რაში აწყობდა ამ კომპანიას პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა?
- ჩემს მოსაზრებას გეტყვით - ძალიან მარტივია, ისინი პრემიუმ სეგმენტში (Marlboro, Parliament და სხ.) კოლოსალურ მოგებას ნახულობენ, რადგან ძალიან დიდი ფასნამატით ყიდიან ამ სიგარეტებს და მოგების მეშვეობით აკომპენსირებენ დაბალ სეგმენტს , რაც ჩვენს მიერ წარმოებულ სიგარეტს "პირველს" პირდაპირ კონკურენციას უქმნიდა. ეს კი იმისთვის კეთდება, რომ ბაზარი დაიპყრონ, მოიშორონ თავიდან კონკურენტები და შემდეგ, როდესაც ჩვენ და სხვა კონკურენტებს გააკოტრებდნენ, ისინი ზარალს სამმაგად და ოთხმაგად ამოიღებდნენ იგივე სიგარეტის გაძვირებით. შემოსავლების სამსახურის სერვერზე ნათლად ჩანს, რომ თუ ამ კომპანიას სიგარეტი დავუშვათ, უჯდებოდა 2 ლარი, ყიდდნენ 1,5 ლარად, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით, ჩვენ ვართ ქართული კომპანია, ვასაქმებთ საქართველოს მოქალაქეებს, ფულს ვიხდით საქართველოს ბიუჯეტში და გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა , რომ კანონი არ დავარღვიოთ.
- სარჩელის შეტანის შემდეგაც იგივე გრძელდებოდა?
- დიახ, იგივეს აგრძელებდნენ და უარესსაც. უფრო დაწიეს ფასები და შემოიტანეს ახალი ბრენდები ასევე თვითღირებულებაზე იაფად , სხვა ბრენდებშიც დემპინგზე გადავიდნენ.
- შემდეგი ეტაპი რა არის? ალბათ მოხდება მათი მხრიდან გასაჩივრება?
- ალბათ, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ქართული სასამართლო აღმოჩნდება თავის სიმაღლეზე, დარწმუნებული ვართ, რომ აპელაციასაც მოვიგებთ და შემდგომ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოშიც და შვეიცარიაშიც, სადაც Philip Morris International-ის შტაბ-ბინა მდებარეობს.