მსახიობ გურამ ჯაშს ჯერჯერობით დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. გურამ ჯაის დედა, ცისანა სარაჯიშვილი თავდასხმის მოტივად მისი შვილის მიმართ რაიმე სახის ინტერესს გამორიცხავს და ამბობს, რომ მსახიობზე თავდასხმა ძარცვის მიზნით მოხდა.
„ვერ ლაპარაკობდა იმდენად შოკირებული იყო. სისხლი ვერ შევაჩერეთ.შუბლი ჰქონდა გახეთქილი და თავი. ძალიან ღრმა ჭრილობა ჰქონდა, ქალა გატეხილია. ჩემი შვილი არ არის ისეთი ადამიანი, მთელი თბილისი იცნობს, რომ ვირაცას რაღაც ინტერესი ჰქონოდა. ეს არის უბრალოდ ძარცვის მიზნით გაკეთებული. ტელეფონი მოპარეს, ქურთუკის გახდა უნდოდათ და გახიეს ეს ქურთუკი და გაიქცნენ. გასაღები არ აქვს, საფულე არ აქვს და მოვიდა ასეთი დასახიჩრებული. გამოიძიონ, მე საიდან ვიცი რა და როგორ მოხდა. ერთი ვიცი, რომ ჩემი შვილი ძალიან ცუდად არის და როგორ გამოვა მდგომარეობიდან არ ვიცი", - ამბობს ცისანა სარაჯიშვილი.
მსახიობი ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. დაზიანებული აქვს თავის ქალა, დამსხვრეული აქვს შუბლის ძვალი და საფეთქლები. წინასწარი ინფორმაციით, მას ბლაგვი საგნით სცემეს და თავში რამდენჯერმე დაარტყეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.