ეროვნული სამოსის დღის ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადების ინიციატივის მხარდასაჭერად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ერთდროულად, ხელმოწერის მასშტაბური აქცია გაიმართება.
ეროვნული სამოსის დღის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელმოწერების შეგროვების დისლოკაციის ადგილებს და აქციის სხვა დეტალებს საზოგადოებას 19 თებერვალს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ძალიან ბევრი სახელმწიფო საკუთარი კულტურისა და ისტორიის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას კოსტიუმირებული დღესასწაულებით ცდილობს.
„თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად მრავალფეროვანი და მაღალი კულტურული ღირებულების ეროვნული სამოსი არსებობს, ეროვნული სამოსის დღე საინტერესო და მიმზიდველი იქნება როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც.
უცხოელი ტურისტები ერთ სივრცეში შეძლებენ საქართველოს გაცოცხლებული ისტორიის და კულტურის გაცნობას. ამასთან, ეროვნული სამოსის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა იმ ქვეყანაში გაიმართება, სადაც ქართული ემიგრაცია ცხოვრობს, რაც ასევე ზრდის ქართული კულტურის პოპულარიზაციის არეალს.
ეროვნული სამოსის დღის ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ სპეციალური დადგენილების მისაღებად პარლამენტში 30 000 ხელმოწერა უნდა შევიდეს.
სოციალურ ქსელებში ეროვნული სამოსის დღის დაწესების შესახებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვილია, თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ონლაინ გზით საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ხელმოწერების შესაგროვებლად საყოველთაო ხელმოწერის დღე დაიგეგმა.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ერთსა და იმავე დღეს, ხელმოწერის შეგროვების მასშტაბური აქცია მოეწყობა. რამდენიმე დისლოკაციის ადგილას ნებისმიერი მსურველი პეტიციაზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირებას შეძლებს.
20 თებერვალს მსურველებს საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება შეეძლებათ, თბილისში „სამოსელი პირველის" სალონში, ჭავჭავაძის გამზ. № 20; გორში ერისთავის სახელობის თეატრში; ბათუმში, ზვ. გამსახურდიას № 17 (ყოფ. ორჯონიკიძის); ზუგდიდში რუსთველის №94. არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათის" ოფისში.
ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი დღე აღინიშნება, ცხადჰყოფს, რომ ამ ქვეყნის კულტურული ღირებულებებისადმი დაინტერესება იზრდება და ხელი ეწყობა მის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას, ასევე ტურისტების მოზიდვას.
საქართველოს თითოეულ კუთხესა თუ ქალაქს საკუთარი დამახასიათებელი სამოსი გააჩნია, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით. სამოსში გარკვეული ეპოქის შესაბამისად, უშუალოდ ქვეყნისა და საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, მისი პოლიტიკურ-ისტორიული ღირებულებები იკვეთება. ამიტომ აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, ის გათვლილია რეგიონებზე, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში.
სხვადასხვა რეგიონს საშუალება მიეცემა, სააშკარაოზე გამოიტანოს საკუთარი შესაძლებლობები, ამასთან, ფოლკლორისა თუ ქორეოგრაფიის, მხატვრობის და სხვა მსგავს სფეროში რეგიონებში მოღვაწე ხელოვანების პოპულარიზაცია მოხდეს. ასევე, გააქტიურდნენ ახალგაზრდები და მათშიც გაიზარდოს ინტერესი. აღნიშნულ ღონისძიებას არ ექნება მხოლოდ ერთი ასპექტი - სამოსი. ღონისძიების ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწევა ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, არქიტექტურას, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს. მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აიწიოს განათლების დონემ ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შესახებ. აღნიშნული პროექტი სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებას.
აქედან გამომდინარე შეირჩა ღონისძიების სახელი - „ეროვნული სამოსის დღე". იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი არსებობს, მათაც უნდა მიეცეთ საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს, რაც კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლების პრინციპს შეესაბამება", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.