თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ „აუდიტორია 115"-თან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანმანათლებლო სფეროს.
„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ „აუდიტორია 115"-მა დატოვოს მეექვსე კორპუსის ტერიტორია, მოგვცენ საშუალება ყველას ერთად, დავიწყოთ ნორმალურად სასწავლო პროცესი. მითუმეტეს, ამ კორპუსში ჩვენ გვაქვს ტექნიკა, რომელიც აუცილებელია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის. მეოთხე კურსის სტუდენტებს ძირითადად აქვთ პრაქტიკული მუშაობა, სხვადასხვა საშუალებებით ჩვენ ვახერხებდით, რომ ჟურნალისტიკის სტუდენტები გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა კორპუსებში. ახლა უკვე, რადგან „აუდიტორია 115"-ის პირობები შესრულებულია ან შესრულების პროცესშია, არა მგონია, რომ კიდევ დარჩა რაიმე შემაფერხებელი, რაც მათ მეექვსე კორპუსში დატოვებს. უნივერისტეტში არის ღია მმართველობის სისტემა, ღია კარის მტვრევა არ არის კარგი საქმე. ის მოთხოვნები, რომლებიც მესმის, უკვე სცილდება არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეს, არამედ საგანამათლებლო სფეროს. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ოღონდ, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ყველა სტუდენტის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული, მათ შორის იმ 800 სტუდენტისაც, რომლებსაც არ ეძლევათ ხარისხიანი განათლების საშუალება", - განაცახადა გიორგი შარვაშიძემ.
რექტორის განცხადებით, რაც აწუხებდა „აუდიტორია 115"-ს და სხვა სტუდენტურ ჯგუფებს, ბევრი საკითხია გადაწყვეტილი, მათ შორის კი ყველაზე პრინციპული და მტკივნეული საკითხი - სტუდენტური გრანტების დაფინანსების შეცვლა.
„რაც შეეხება კანონში ცვლილების შეტანას, უნივერსიტეტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. არაერთხელ საჯაროდ მივმართეთ კიდეც შესაბამის კომიტეტს და პარლამენტს. უნივერსიტეტის პოზიცია არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც შეეხება სტუდენტური ცხოვრების ნებისმიერ მოწყობას, უნდა იყოს გადაწყვეტილი უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში. ჩვენ გვგონია, რომ კანონი არ უნდა იყოს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს უნივერსიტეტი. კანონი უნდა იყოს საერთო ჩარჩო, რომლის მიხედვითაც ვაკეთებთ დაშვებას, რომ აუცილებელია, ყველა სტუდენტს ჰქონდეს თანაბარი პირობები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებას", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.