არასამთავრობო ორგანიზაციები იმ დოკუმენტებს ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ თბილისის მერიისგან მილიონ ლარის ოდენობის ქრთამი აიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, წარმოდგენილ დოკუმენტები არ იძლევა იმის მყარ საფუძველს, რომ მოსამართლემ ქრთამი აიღო.
„უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ იქნა აღნიშნული მოცემულ საქმეში ხელისუფლების შესაძლო პოლიტიკური ინტერესის არსებობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს არსებობისა და საზოგადოებისათვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის. დღეის მდგომარეობით, საქმე განსახილველად გადაცემული აქვს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას და მხარეები ელოდებიან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაზრდილია ყურადღება მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე მედია საშუალებები აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქმის განმხილველ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლისა და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
განცხადებები „რუსთავი 2"-ის მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მედიისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა ბრალდებები ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის" საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბრალდებების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის სანაცვლოდ 1 მილიონამდე ლარი მიიღო ქალაქ თბილისის მერიისგან.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოგვმართა მოქალაქე ზვიად ჩოხელმა, რომელიც აცხადებს რომ ის წარმოადგენს მერიის მიერ გაცემული კომპენსაციის რეალურ ბენეფიციარს. ზვიად ჩოხელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (ზვიად ჩოხელის ოჯახსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის, ასევე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებები; ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები; მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები სტიქიამდე და სტიქიის შემდგომ), ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებების შესწავლის შედეგად, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნა მიღებული.
მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მედიისა და საზოგადოების მხრიდან შეუზღუდავად და თავისუფლად ხდებოდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირება მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გავრცელებული ბრალდებები ისეთი მძიმეა, როგორიცაა მოსამართლის მიერ ქრთამის აღება, ხოლო მოსამართლეები ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე შეზღუდული არიან გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისგან.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არა მარტო მედიას აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების დეტალებზე, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ამგვარ საქმეებზე. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მოსამართლეეები შეიძლება დაექვემდებარონ პერსონალურ კრიტიკას, თუმცა ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ლეგიტიმური ინტერესი, რაც სასამართლოს მიმართ გამოთქმული მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდებებით შეიძლება შეილახოს თუ საზოგადოება სრულყოფილად არ იქნება ინფორმირებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
„ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო