logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: დასაქმებული მსჯავრდებულების ყოველდღიური ანაზღაურება 15-17 ლარია
- +

18 თებერვალი. 2016. 13:55



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ახალგახსნილი პურის საცხობი და მაკარონის საწარმო მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პურის საცხობი და მაკარონის საწარმო თავისუფლებაშეზღუდულ პირთა დასაქმების მიზნით გაიხსნა. სამუშაოზე თავისუფლებაშეზღუდული პირების შერჩევა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით განხორციელდა. ამ საწარმოებში დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები გაფართოვდება. მინისტრს დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას წარუდგინოს პროექტი, რომლის თანახმადაც, დაწესებულებაში გაკეთებული ან გამოშვებული პროდუქციის შესყიდვის უფლება, ტენდერის გარეშე, თავად სამინისტროს მიეცემა.


კახა კახიშვილის თქმით, ეს საჭიროა ბიზესსექტორის წახალისებისთვის, რათა სხვადასხვა დაწესებულებში ასეთი ტიპის საწარმოები გაიხსნას. 


ახალგახსნილ საწარმოში დღეში 10 ათასი პურის გამოცხობაა შესაძლებელი. აქ დასაქმებულია 8 მსჯავრდებული, რომლთა ხელფასი დღეში 17,5 ლარია. მაკარონისა და ვერმიშელის საწარმოშიც, ასევე, 8 მსჯავრდებულია დასაქმებული და მათი ყოველდღიური ანაზღაურება 15,5 ლარია. ეს ჩვენს რეალობაში, მართალია მცირე, მაგრამ მაინც შემოსავალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან. ასეთი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ის პატიმრები, რომლებიც დაბალ რისკს მიეკუთვნებიან, დავასაქმოთ. ეს მათ დაეხმარებათ, რომ დაწესებულებიდან შეინახონ ოჯახი და პირიქით, ოჯახს არ მოუწიოს მათი შენახვა დაწესებულებაში, რაც, სამწუხაროდ, დღესაც ხდება.  გლდანის დაწესებულებას უკვე ეს პურის საცხობი საწარმო ამარაგებს.  ასეთი ტიპის პროგრამებით ნელ-ნელა მოვახდენთ იმ მსჯავრდებულების ფილტრაციას, რომელთაც სურთ მუშაობა და დაბალ რისკს განეკუთვნებიან, იმ მსჯავრდებულებისგან, რომელთაც ქურდული მენტალიტეტი აქვთ", - განაცხადა კახიშვილმა.


პურის საცხობი და მაკარონის საწარმოების  გარდა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ფუნქციონირებს სოციალური საწარმო. ამ პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვარში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. სოციალური საწარმოს პროექტი ორწლიანია და მისი ბიუჯეტი 98 500 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ხის გადამამუშავებელი საამქრო, სადაც 2 წლის განმავლობაში, 6- თვიანი შუალედით, სულ მცირე 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი, მიგრანტი ან პოტენციური მიგრანტი დასაქმდება. სოციალური საწარმოს ამოქმედებიდან დღემდე, უკვე  8 ბენეფიციარია დასაქმებული. ბენეფიციარები ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 350 ლარს იღებენ.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner