ავტორი მარიამ პაიჭაძე
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ კერძო პირების ინტერესის გარდა, შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური ინტერესიც, იმის გათვალისწინებით, რომ „რუსთავი 2" არის მედიასაშუალება, რომელსაც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ძაბირაძემ აქვე დასძინა, რომ მას „რუსთავი 2" დამოუკიდებელ მედიასაშუალებად არ მიაჩნია.
„სამართლებრივად, შეიძლება განხილული იქნას როგორც კერძო პირების დავა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის მედიასაშუალება, არა იმდენად ქონებრივი, არამედ პოლიტიკური ინტერესი შეიძლება არსებობდეს. მედიასაშუალება არ არის მარტო კაპიტალი და ქონება, ეს არის საზოგადოებაზე გავლენის მოხდენისა და ინფორმაციის მიწოდების საშუალება. მინდა ვთქვა, რომ მე „რუსთავი 2" დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიად არ მიმაჩნია, მაგრამ ეს არის მედიასაშუალაბა და მისადმი ყურადღება უნდა იყოს განსაკუთრებული.
არ მგონია, რომ ხელისუფლებისათვის „რუსთავი 2"-ის საქმე მომგებიანი იყოს. დღეს საზოგადოებაზე ზემოქმედების იმდენი საშუალება არსებობს, ვგულისხმობ სოციალურ ქსელებს, რომ ტელევიზიები თანდათან თავიანთ პრივილეგირებულ მდგომარეობას კარგავენ. თუ პოლიტიკურად შევაფასებთ ამ საქმეს, „რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებით, ხელისუფლება პოლიტიკურ ქულებს უფრო დაკარგავს, ვიდრე შეიძენს. ყველამ ვიცით, ვისი დაფუძნებული იყო „რუსთავი 2" და ყველა შემდეგი გასხვისება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი კარნახითა და ეგიდით. საერთოდ, არ მგონია, რომ ღირდეს ამ საკითხის ძალიან გააქტიურება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.