ავტორი მარიამ პაიჭაძე
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გამსახურდიას აზრით, აუცილებელია, აღდგეს საკათალიკოსო საბჭო და საეკლესიო სასამართლო, რადგან საპატრიარქოს სისტემაში ამ ინსტიტუტების არარსებობა ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის.
„ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს სისტემაში არ გვაქვს ისეთი ინსტიტუტი, როგორიც იყო საკათალიკოსო საბჭო. ეს საბჭო არსებობდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას დროს. ამ საკათალიკოსო საბჭოში შედიოდნენ არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ საერო ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენლებიც, ამიტომ მიმაჩნია, რომ საკათალიკოსო საბჭო აუცილებლად უნდა აღდგეს. მე ამას მოვითხოვ!
ასევე უნდა აღდგეს დიკასტერია, ანუ საეკლესიო სასამართლო, რომელიც ასევე 20-იან წლებამდე არსებობდა და საბჭოთა ხელისუფლების დავალებით გაუქმდა, ისევე როგორც საკათალიკოსო საბჭო", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.