logo_geo
eng_logo
კონტანტინე გამსახურდია: ქრისტიანობა არ არის მონების და სულიერად კასტრირებულთა რელიგია
- +

24 თებერვალი. 2017. 18:10



პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მაშ ასე. ჩემი დღევანდელი საუბარი შეეხებოდა საპატრიარქოში შექმნილ სიტუაციას. სულ თავიდან გამოვთქვი კმაყოფილება იმით, რომ პატრიარქმა ნორმალურად გადაიტანა ოპერაცია და ჯანმრთელი დაგვიბრუნდა.

 

1. დავიწყე იმით, ქვეყანაში ამჟამად სულიერების და ზოგადად რელიგიის უსერიოზულესი კრიზისია. იგი პირდაპირ შეხებაშია პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისთან, და მათ გარკვეულწილად კიდეც განაპირობებს. განათლება რელიგიურ საკითხებში არის ძალიან დაბალი. ადამიანები ხშირად აზრზე არ არიან მართლმადიდებლური მრწამსის შესახებ. მაგალითად, ვერ გიპასუხებენ, რა განსხვავებაა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის. ის, რაც მეტწილად სახეზეა, არის მართლმადიდებლობის ფსევდორიტუალური იმიტაცია. ეს ყველაფერი მხოლოდ ძველი ტრადიციების ინერციით არსებობს.

 

2. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხელმოწერილია კონკორდატი, არავინ არ იცის, რა ხდება საპატრიარქოს კედლებს მიღმა. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ეკლესიას არ შეუძლია არსებობა სახელმწიფოს გარეშე. სავარაუდოდ, მანდ ყვავის კლანურ-ნათესაური ურთიერთობები, ცალკეულ ბიზნესმენებს ეკლესია გადაქცეული აქვთ ოფშორულ ზონად და თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. სახელმწიფოს არანაირი მონიტორინგის საშუალება არ გააჩნია. არადა, ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს თუნდაც ისრაელის ქმედითი, ძლიერი დემოკრატია, სადაც ამასწინათ კორუფციაში ჩართულობის გამო გაასამართლეს დიდი რაბინი იონა მეცგერი.

 

3. ჩემთვის მოცემულ სიტუაციაში გამოსავალი არის სახელმწიფო რელიგიის ის მოდელი, რომელიც არის საბერძნეთში, ფინეთში და მოლდოვაში სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში. ასევე შვეიცარიის კანტონებში კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან დამოკიდებულებაში. სახელმწიფო, ცხადია, არ ჩაერევა არც თეოლოგიურ, არც ლიტურგიკულ საკითხებში, მაგრამ ფინანსურად და სამართლებრივად მისთვის ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე მოვითხოვე საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, რომელიც არსებობდა კათალიკოს ამბროსი ხელაიას დროს. მასში იერარქების გარდა შედიოდნენ მნიშვნელოვანი საერო პირნი. ეს საბჭო 20-იან წლებში დაითხოვა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ორგანოებმა.

 

4. შორენა თეთრუაშვილს ვიცნობ 80-იანების დასაწყისიდან. ჩვენ ილია მეორის ადრეულ მრევლში ვიყავით, ანუ ერთ-ერთი პირველები. იგი ძალიან კარგი და უნარიანი მენეჯერია. სინოდი და უმაღლესი სამღვდელოების 70-80 პროცენტი, სამწუხაროდ, შორს დგას ქრისტიანული იდეალებისგან და ამოძრავებს ძირითადად ამსოფლიური, მატერიალური ინტერესები. ის, რომ ასეთი ჭრელი სამღვდელო შემადგენლობის პირობებში სისტემა ასე თუ ისე ფუნქციონირებდა, სწორედ შორენას დამსახურებაა. მან კარგად იცის, ვის როგორ უნდა ესაუბროს. ამავე დროს ამაზრზენი იყო ის აგდებული დამოკიდებულება, რაც მან მასმედიის მიმართ გამოიჩინა. ეს დამოკიდებულება ზოგადად საზოგადოების მიმართაც ასეთი ჩანს.

 

5. მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გამოსვლა მართლაც გამბედაობის დემონსტრაცია იყო. შეუძლებელია, არ დაეთანხმო მას თუნდაც 91-93 წლების შეფასებაში, როდესაც საპატრიარქო, ნაცვლად იმისა, რომ ნეიტრალური და შემრიგებლური პოზიცია დაეკავებინა, ერთ-ერთ მხარედ მოგვევლინა. მან პირდაპირ ახსენა ზვიად გამსახურდიას გამოუძიებელი მკვლელობა. სწორედ იქიდან გადავიტყორცნეთ გაურკვეველ მომავალში (დღეს რომ უკვე აწმყოა), საიდან თავის დაღწევასაც ხელის ცეცებით ამაოდ ვლამობთ. არადა, დააკვირდით: მიტროპოლიტ პეტრეს გარდა კაციშვილმა ხმა არ ამოიღო. მე მეუფე პეტრეს ამის გამო პატივს ვცემ. სხვათა შორის, ისიც აღვნიშნე, რომ ზვიად გამსახურდიას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ილია მეორის აღსაყდრებაში 1977 წელს. ის რომ არა, პატრიარქი დიდი ალბათობით სხვა გახდებოდა.

 

6. ბოლოს დავასრულე ზოგადი შეფასებით, რომ ქრისტიანობა არ არის მონების და სულიერად კასტრირებულთა რელიგია. იგი თავისუფლების, სიყვარული, ვაჟკაცობის რელიგიაა. როგორც ილია წერდა:

არა, არ ვუქებ მამაცსა,

კაცთა მუსვრას და ომსაო.

ვაჟკაც იგია, ვინ მართალს

ეტყვის ქვეყანას მცდომსაო.

ვინც არ შეუდრკა მრავალთა,

ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,

ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის

და პირში უდგა ლომსაო", - წერს გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner