„ციანიდის საქმის" პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ადვოკატების განცხადება, რომ მათ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ტყეშელაშვილის განმარტებით, ადვოკატები გაფრთხილებულები არიან საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე, თუმცა, საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.
„მინდა, გამოვეხმაურო ადვოკატების განცხადებას, რომ თითქოს მათ შეზღუდული აქვთ საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ისინი უბრალოდ გაფრთხილებული არიან საჯარო გახმაურებაზე გამოძიების მონაცემების, თუმცა, მათ აქვთ კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა. ნებისმიერ ადვოკატს, რომლის ორდერიც არის წარმოდგენილი საქმეში, უფლება აქვს, განახორციელოს ბრალდებულის დაცვა.
ბრალდებულის ადვოკატებს და საქმის სხვა მონაწილე პირებს ყველას აქვს დადებული ხელწერილი საქმის მასალების გაუხმაურებლობაზე. აქ იგულისხმება საჯარო და სატელევიზიო განცხადებები, რომ არ მოხდეს საქმის დეტალების გასაჯაროება ფართო მასებისთვის და ამით არ შეილახოს გამოძიების ინტერესი. საქმის დეტალების გახმაურება, როდესაც გაფრთხილებული არიან პირები, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.