logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: იდეა ალტერნატიული მედიასივრცისა ჩემთვის სრულიად მისაღებია
- +

24 თებერვალი. 2017. 19:03



პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში მასმედიაში მიმდინარე მოვლენებზე წერს:

 

„1. დავიწყებ „რუსთავი 2"-ის თემით: ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ტელევიზია იყო წინა ხელისუფლების რუპორი და საპროპაგანდო ინსტრუმენტი. იგი ფარავდა თავისი უფროსების დანაშაულებს და შეცდომებს. დღეს კი იგი არის რევანშისტული ძალის ნაწილი. მართალია, ისინი არ არიან ჩემი მეგობრები, თუმცა, ფაქტია: დღეს ამ ტელევიზიის დაწვენა უნდათ პროკრუსტეს სარეცელზე - პროკრუსტე იყო ბერძნული მითოლოგიის ავაზაკი, რომელიც სარეცელზე აწვენდა ადამიანებს და თუ ის სარეცელზე გრძელი გამოდგებოდა, ფეხებს აჭრიდა. ასევე უნდათ „რუსთავი 2"-თან მიმართებაშიც: სასამართლო განაჩენით დაიპყრობენ, გამოცვლიან დირექტორატს, პერსონალს და ამით მორჩება ლაპარაკი.

 

2. ანუ რას სთავაზობთ საზოგადოებას, როდესაც ამნაირად აპირებთ გაუსწორდეთ „რუსთავი 2"-ს? პასუხი: პროკრუსტეს სარეცელგამოვლილ ტელევიზიებს. მათ ინფორმატიულ სივრცეს კი სამი ოქროს პრინციპი აქვს: 1. არაფერი არ მესმის 2. ვერაფერს ვერ ვხედავ. 3. მოდით, არ გვინდა რა სიმწვავე! ათი კაციც რომ დახვრიტონ რუსთაველზე, ვერაფერსაც ვერ გაიგებ მათი შემყურე.

 

3. არ ვიცავ „რუსთავი 2"-ის არც წარსულს, არც აწმყოში მათ პოლიტიკურ ანგაჟირებულობას. მაგრამ იდეა ალტერნატიული მედიასივრცისა ჩემთვის სრულიად მისაღებია. ამიტომაც „რუსთავი 2" რომ არ არსებულიყო, ის უნდა მოგვეგონებინა. ფაქტობრივად, ალტერნატიული სივრცის გარეშე დარჩენა - ამას ნიშნავს დღეს ამ ტელევიზიის დაპყრობა. შედარებით დამოუკიდებელ ორიოდე არხს კი ძალიან ცოტა ტელემომხმარებელი უყურებს. ამიტომაც არა „რუსთავი 2"-ის პროკრუსტიზაციას!

P.S. ახლა მომივიდა თავში აზრად: ეს მედიასივრცე „რუსთავი 2"-ის გარეშე უკვე შევარდნაძის დროინდელს კი არა, უფრო ჯუმბერ პატიაშვილის დროინდელ პირველ არხს დაემსგავსება", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner