logo_geo
eng_logo
იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც ზვიად გამსახურდია გარიცხეს მწერალთა კავშირიდან
- +

24 თებერვალი. 2017. 20:40



სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი:


გიორგი მერკვილაძე - კავშირის წევრად ყოფნა იმას ნიშნავს, რაც ევალება, უნდა დაიცვას, თქვენი პოზიცია ამას ეწინაადმდეგება, ბუნებრივად ისმება საკითხი, - თქვენი საქმიანობის შეფასება იმ მოვლენების გარეშე არ შეიძლება.


თქვენ თქვენი ნიჭით, თქვენი ოჯახის ტრადიციებით, რასაკვირველია, კავშირში უნდა იყოთ ჩვენთან და თქვენი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოა ამისა, ამიტომ მეც მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ თქვენი კავშირში ყოფნა შეუთავსებელია კავშირის წევრის მოვალეობასთან.

 

გურამ ფანჯიკიძე - მე ვარ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან მიჭირს დღეს გამოსვლა, ვინაიდან ორი წელია მე და ზვიადი ერთმანეთს არ ველაპარაკებით, რადგან გვქონდა ძალიან დიდი ჩხუბი - ახლა არ მინდა, ამ გაჭირვებულ დროს ბრალმდებელი გამოვიდე, ვინაიდან არ დავემსგავსო ჩასაფრებულ მტერს. მიუხედავად ამისა, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს. ისე კი არსებობს წესდება. მაგალითად, პარტიიდან რიცხავენ კაცს, თუ სამი თვის საწევრო არ გადაიხადა, ვინაიდან ზვიადი არ ემორჩილება მწერალთა კავშირის წესდებას, არ იზიარებს მის პროგრამას, თვითონვე უნდა გასულიყო ამ კავშირიდან.


არჩილ სულაკაური - მეც იგივე მინდა ვთქვა, რაც გურამმა. მე და ზვიადს არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დიდი ხანია. მე, როგორც თქვენ, პირველად გავიგე პრესიდან ეს ამბები. მე პრინციპულად არ ვკითხულობდი, რასაც ეგ წერდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად, ბატონი ირაკლის გამოსვლის შემდეგ, არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო იმას, რომ პიროვნება უარყოფს, იმას ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონია...


ზვიად გამსახურდია - კავშირი კი მქონდა, ჩემი მასალა დაბეჭდილია, ამას ყველა ხედავს, სად და როდის გამოდის, მე არ ვიცი.


არჩილ სულაკაური - ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე ვიზიარებ საერთო აზრს.


თამაზ ჭილაძე - ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს.


გურამ ასათიანი - ყველამ თქვა და მეც უნდა ვთქვა - ძალიან მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მე არა მგონია, რომ დარბაზში იყოს მწერალი, რომელიც პირად მტრად თვლიდეს ზვიად გამსახურდიას. აქვე ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ, რასაკვირველია, ჩვენი დდევანდელი საუბარი ნაგვიანევია. უნდა გვეცადა ყოველ ჩვენგანს (ჩემგან დავიწყებ), რომ ეს დღე არ დამდგარიყო. იმის მიხედვით, რაც მე მსმენია, რასაც გავეცანი გუშინ, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება - მე ვფიქრობ, ის გზა რომელიც ზვიადმა აირჩია, მცდარია და სარისკო. ეს ის საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწარე შედეგები, ისეთი სავალალო შედეგები, რომელსაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი ვერ გამოისყიდის. საბოლოოდ გავიმეორებ, ის, რაც აქ ითქვა, - ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი პრინციპები, თავისი წესდება და თუ რომელიმე უპირისპირდება ამ პრინციპებს, ის აყენებს თავს ამ ორგანიზაციის გარეშე. ზვიად გამსახურდიას ადგილზე მე პირადად უფრო ადრე დავწერდი განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოგვეყვანა კავშირიდან.


თავმჯდომარე - შემდეგ კიდევ ვის სურს გამოსთქვას აზრი?

 

ფრიდონ ხალვაში - ამხანაგები გამოვიდნენ. მე ვეთანხმები ამხანაგების აზრს. სხვა მხრივ საქმის კურსში მე არ ვარ, გარდა იმისა, რაც პრესაში იყო და უმრავლესობის აზრს ვუჭერ მხარს.


რომან მიმინოშვილი - ძალიან ძნელია ლაპარაკი. გვიან შემოვედი. აქ რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვატყობ, პატივცემული ზვიადი უარყოფს იმას, რომ ეს გამოცემები მისი ინიციატივით ხდებოდა. პრესაში რაც გამოქვეყნდა მასალა, ეს მხოლოდ ნაწილია, რის საქმის კურსში შეიძლება იყოს განყოფილება. აქ რომ მოვდიოდი, მე ზოგიერთი რამ მოვიტანე (გადასცემს გრიგოლ აბაშიძეს) და ზოგი რამ გამგეს აქვს. ეს არის „თავისუფლების ტრიბუნა", სადაც დაბეჭდილია ზვიად გამსახურდიას სიტყვა და აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნოველა და რამდენადაც მე ვიცი, კონსტანტინე გამსახურდიას არქივზე არავის არ მიუწვდება ხელი. ეს არის ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან გ. წერეთელი, მ. ნოზაძე და... ზვიად გამსახურდიას ღია წერილი პროფესორ ლენგს.


ზვიად გამხახურდია - ეს ჩემია, მე ვაწერ ამას ხელს. ეს წერილი მე გავუგგავნე დევიდ ლენგს. ასევე ხვდება „თავისუფალ ხმაში" ყველაფერი. ვის მიაქვს, მე არ ვიცი.


რომან მიმინოშვილი - ამ „ოქროს საწმისთან" დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, „ოქროს საწმისში" არის კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. საიდან ღებულობს რედაქცია?

 

ზვიად გამსახურდია - მთელს ქალაქში დადის ეს.


რევაზ ჯაფარიძე - მეგობრებო, ალბათ თვითეული ჩვენგანი დათმობდა თავისი სიცოცხლის რამდენიმე წელს, რომ ეს ამბავი არ მოსწრებოდა. მე დავთმობდი რამდენიმე წელს, რომ არ მჭირდებოდეს აქ გამოსვლა. მე არ ვიტყვი რატომ, რა ურთიერთობა მქონდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, როგორ მიყვარს ზვიადი, მაგრამ აქ რომ ბრძანდებოდეს, ჩვენს პრეზიდიუმზე, ბატონი კონსტანტინე ისიც ასე იტყოდა. არსებობს წესდება და ფორმალური ლოგიკა მოითხოვს, როცა არ ეთანხმები ამ წესდებას, შენ თვითონ დასწერო განცხადება და არ ჩაგვაყენო ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იყო, რომ ზვიადს ასე გაეკეთებინა და ძალიან ვწუხვარ, და იძულებული ვარ ყველა იმის გამო, რაც ჩვენთან არის აქ, მხარი დავუჭირო ამ წინადადებას.


მურმან ლებანიძე - გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი. თუ ის მარტო გურამ რჩეულიშვილის კეთილი მოსაგონარის ავტორია, მაშინ ულოგიკოა მისი გარიცხვა. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება.


შოთა ნიშნიანიძე - ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რაც აქ ითქვა, თუ ეს ბრალდებები დოკუმენტირებულია, კარგია, თუ კი ზვიადი მოახერხებს თავის მართლებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საჯაროდ, პრესაში აღიაროს შეცდომები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს.


ანა კალანდაძე - ბატონი მურმანისა არ იყოს, რა უნდა ვილაპარაკო, პირველი განცდა ის არის, რომ ბატონი კონსტანტინეს აჩრდილის წინაშე ვართ ყველანი უმძიმეს მდგომარეობაში და განსაკუთრებით მე. ზვიადი ნათლიმამაა ჩემი, ნათელმირონი მაკავშირებს. და რაც აქ ითქვა, იმან მე ცოტა იმედი მომცა. პირველი სამსჯავრო - ეს არის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი. ნუთუ არავინ დაიბარა, მარტო ჩვენ ვართ პირველები? შეიძლება მოხდეს სასწაული და ზვიადმა თავი გაიმართლოს და ამოვისუნთქოთ. შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაული და მე ამ სასწაულისა მჯერა.


დემნა შენგელაია - ამხანაგებო, ძნელია იმ ყმაწვილის მდგომარეობა და მისი გათვალისწინება ჩემთვის, რომლის ხელშიც ის გაიზარდა. სულ პატარა იყო, როდესაც კონსტანტინე მას თავს ევლებოდა და დღეს სულ სხვანაირად წარმოსდგა. საკმარისია ჩემთვის ის, რაც პრესაშია, ეს ისეთ ეჭვებს აღძრავს, აქ არავითარი სასამართლო დადასტურება არ გვჭირდება, ყველაფერი ნათელია. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება, ეს იქნება მისი გადარჩენა და კონსტანტინეს გადარჩენა და გადარჩენა ჩვენი პრეზიდიუმის სახელის გატეხისა, ეს საკითხი ძალიან რთულია.


თავმჯდომარე - ამხანაგებო, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენი მტერი ჰყავს, რომ მტრის გამოგონება კიდევ არავის არ სჭირდება და ვიდრე ამ საკითხს აქ მოვიტანდით, გვითხრეს, რომ ეს ფიქსირებულია. მაგრამ რაკი ზვიადმა ეს განაცხადა, ბევრი სიკეთე გვაკავშირებს მასთან, თუ კი ის იმ აზრისაა, რომ არ იზიარებს, რაც აქ არის და გაიმართლებს თავს ან დასწერს ეხლავე, რომ გმობს ყველაფერს...

 

ზვიად გამსახურდია - ყველაფერს არ ვგმობ. რაც მე დამიწერია, იმას არ ვგმობ. არავითარი ანტისაბჭოთა მე არ დამიწერია, მთავრობის წინააღმდეგ მე არაფერი დამიწერია. რაც შეეხება პროკლამაციას, ის მე არ მეხებოდა, არ ვიცი.


თავმჯდომარე - თუ თქვენ ცნობთ, რომ ეს არის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, გმობთ და არ იზიარებთ...


ზვიად გამსახურდია - ყველაფერს როგორ ვგმობ, ჩემი თავის წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები? დამიწერია დავით გარეჯის ძეგლის მდგომარეობის შესახებ და სხვა ძეგლების შესახებაც და ამას ყველაფერს მე არ ვგმობ. ვგმობ იმ პროკლამაციას, რაც არის ანტისაბჭოთა, მე არაფერი დამიწერია.


გიორგი ჟორჟოლიანი - თქვენ განაცხადეთ, - არ იცით ამ ჟურნალის გამოცემა, სად იცემა და ვინ განაგებს და არც მოგწონთ. მაშ როგორ ბეჭდავთ? „ოქროს საწმისი" იხსნება თქვენი წერილით და ლექსით.


ზვიად გამსახურდია - ლექსი ჩემია, წერილი კი არა


გიორგი ჟორჟოლიანი - ხელმოწერა არის ბატონი ზვიადის.


სერგი ჭილაია - ბევრ რამეზე ამბობს უარს და ეგებ დაწეროს.

 

თავმჯდომარე - ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად.


ალექსი გომიაშვილი - მოდით ორშაბათამდე მივცეთ ვადა, ორშაბათს თუ წარმოადგენს, ხელახლა შევიკრიბოთ და გადავხედოთ.


თავმჯდომარე - ჩვენ კენჭი ვუყარეთ და გავათავეთ და მე ვამბობ - თუ კი ზვიადი გამართლდება, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს და არ იზიარებს იმ პროკლამაციის დაბეჭდვას და ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ჩვენ ყველანი დავუჭერთ მხარს მის კავშირში დაბრუნებას. ამით ჩვენი ეს დღევანდელი სხდომა დამთავრებულია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner