„დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც, რადგან ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი, ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტთან ერთად ტაბახმელაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„აქ მიმდინარეობდა რეალურად ის ბრძოლები, რომელიც ბოლო ზღვარი იყო, ვიდრე აიღებდნენ თბილისს. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები დედაქალაქს იცავდნენ, ნაწილი ამ სანგრებისა აღვადგინოთ, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა, ჩვენ ყველამ ვნახოთ ის ადგილები, სადაც იბრძოდნენ და ჩვენი ქვეყნისთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები", - განაცხადა მარგველაშვილმა.