მთიან ყარაბაღში საბრძოლო შეტაკებები მოხდა. დაპირისპირების დაწყებაში ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ, არიან დაღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ „BBC" ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება ჰოჯავედ-ფიზულის მიმართულებაზე მოხდა, სადაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტევა მოგერიებულია. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მომხდარს დეზინფორმაციას უწოდებენ ერევანში და სიტუაციის დაძაბვის მცდელობაში ბაქოს ადანაშაულებენ. „უკვე რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანის ხელისუფლება დაპირისპირების ხაზზე მდგომარეობის დაძაბვას ცდილობს და დეზინფორმაციებს ავრცელებს", - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.
ოფიციალური ერევანი ამბობს, რომ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას იცავს.