„დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება", - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფორსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
„დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე არაერთხელ შევთავაზეთ თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ როცა ექიმა მოგვცა თანხმობა რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არსებული ვითარების გათვალისწინებით 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო რომ მოეცა ნიმუშები. რაც შეეხება დაკითხვას, მამალაძე დაიკითხება ორშაბათს. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რათქმაუნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე",- განაცხადა პროკურორმა.
10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მოგვიანებით, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალდებაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სახელი ფიგურირებდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.