„ანაგი" დღეს წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომლის ისტორიაც 150-ზე მეტ დასრულებულ და 20 მიმდინარე პროექტს ითვლის. მისი წლიური ბრუნვა 150 000 000 ლარს შეადგენს (2015 წლის მონაცემით). „ანაგის" მყარად შენება 1989 წლიდან დაიწყო - იმ დღიდან, როცა სურვილი გაუჩნდა, იდეა საქმედ ექცია. მას შემდეგ 27 წელი სტაბილურად აშენებს. საქმე არა მხოლოდ ფინანსურად ფასდება: „ანაგი" საქართველოს ნაციონალურმა ბიზნესრეიტინგმა წელს სამშენებლო დარგის ლიდერად დაასახელა. Forbes Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ზაზა გოგოტიშვილს ესაუბრა.
- სად და როგორ ჩაეყარა საძირკველი „ანაგის" შენებას?
- „ანაგისწარმოშობის გეოგრაფიული ადგილი აჭარაა. კომპანია ბათუმში დაფუძნდა. იდეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაჩნდა. 1989 წელს დავაფუძნე კომპანია (იმ დროისთვის კოოპერატივი), გარკვეული პერიოდის შემდეგ შემომიერთდნენ მეგობრები და კურსელები პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან და ერთად გავაგრძელეთ საქმიანობა.
- ასე მარტივად?
- სასტარტო ეტაპი მარტივი ნამდვილად არ იყო, ჩვენ გვესმოდა, რომ რთული იქნებოდა ძიების პროცესი, მაგრამ პროფესიული განვითარებისა და საქმის კეთების სურვილი დიდი იყო. დავიწყეთ ძიება, კარდაკარ დავდიოდით და ჩვენს მომსახურებას ვთავაზობდით. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როცა ქვეყანაში კორუფცია ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახლდათ. ახალგაზრდა ბიჭების წამოწყება ე.წ. „მფარველის" გარეშე თითქმის წარმოუდგენელი იყო და ჩვენც ცოტა გულგრილად გვიყურებდნენ. ავიღეთ ქალაქის სატელეფონო ცნობარი, ამოვწერეთ ქარხნების მისამართები, დავიყავით ჯგუფებად და ადგილზე მისვლით დავიწყეთ ჩვენი მომსახურების გაცნობა/შეთავაზება პოტენციური დამკვეთებისათვის. ასე აღმოვჩნდით ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ქარხნის მთავარმა ინჟინერმა მოგვისმინა და, ჩვენდა გასაკვირად, მოგვცა პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკული გამოცდილება ფაქტობრივად არ გვქონდა, დავალება არ იყო მარტივი. მთავარი მოთხოვნა იყო, ჩვენი საქმიანობის პარალელურად ქარხანას წარმოება არ შეეჩერებინა, რაც საკმაოდ რთული იყო, თუმცა გავართვით თავი და პირველი პროექტიც შედგა. მაშინ კომპანიის ადამიანური (პროფესიული) რესურსი, რომელშიც როგორც ადმინისტრაცია, ასევე სამუშაოთა მწარმოებლები შედიოდნენ, 8 ადამიანისგან შედგებოდა, დღეს 2000-ზე მეტნი ვართ.
- სხვების შენების პარალელურად, როგორ გაგრძელდა საკუთარი ბიზნესის მშენებლობა? ყველა პროექტმა პირველივით გაამართლა?
- 1989 წლიდან კომპანიას „ჩავარდნა" არც ერთ წელს არ ჰქონია. ცხადია, მეტნაკლებობა იყო, თუმცა გაჩერების საფრთხე არ დამდგარა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ. დინამიკა ყოველთვის მზარდი იყო, წლებთან ერთად კომპანია იზრდებოდა ფინანსურად, საქმიანობაში გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი, რაც, ბუნებრივია, დასაქმებულთა რაოდენობაზეც აისახა.
იყო პერიოდი, როცა ორგანიზაციის მართვა გართულდა და ამ სირთულეების მოგვარება აბსოლუტურად არ იყო დამოკიდებული შენზე. ეს პროცესი გარე ფაქტორებზე იყო მიბმული და საკუთარი საქმის პარალელურად, იძულებული იყავი, შეძლებისდაგვარად ამ პრობლემების მოგვარებაზეც „გეზრუნა". თუმცა ეს ჩვენი (ჩემი თაობის) წარსულია.
ახლა სხვა დრო და სხვა გამოწვევებია, რომლებსაც, ვფიქრობ, „ანაგი" წარმატებით პასუხობს, რაც უდავოდ იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც დღეს მართავს ამ ორგანიზაციას. აქ ერთი და ორი ადამიანი ვერაფერს გახდება, კომპანიის წარმატების „მიზეზი" სწორედ მისი განათლებული, პროფესიონალი, თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული და ძალიან მეგობრული ადამიანების ერთობლიობაა. ეს არის კომპანია, სადაც ერთი - დანარჩენის გარეშე ვერაფერს მიაღწევს!
- თქვენი ბიზნესსაქმიანობა 2012 წლამდე და 2012-ის შემდეგ პერიოდებად იყოფა.
- არ მიმაჩნია, რომ საკითხი ასე უნდა დაისვას. ჩვენი ლობი - ჩვენივე საქმიანობა, ხარისხი და პასუხისმგებლობაა, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. დამკვეთიც, ვინც არ უნდა იყოს იგი, როგორც წესი, გათვლას აკეთებს სწორედ ხარისხსა და პასუხისმგებლობაზე, ამიტომ, საქმის კეთების დეფიციტი არც ერთ „დროში" არ გვქონია. 2012 წლის ოქტომბერში 13 დასრულებული ობიექტი ჩავაბარეთ და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიის წლიური ბრუნვა 3-ჯერ არის გაზრდილი.
- სამშენებლო სექტორი კონკურენციას არ უჩივის. შეგიძლიათ დაასახელოთ ხუთი საუკეთესო და მზარდი სამშენებლო კომპანია საქართველოში?
- სამშენებლო სფეროში კონკურენცია მაღალია, ბაზარზე არის რამდენიმე სოლიდური კომპანია, რაც კარგია „ანაგისთვის" - იმ კომპანიისთვის, რომელსაც პირველობაზე აქვს პრეტენზია. სადაც კონკურენციაა, იქ საქმის ხარისხიანად კეთების ამბიციაა და ეს მხოლოდ აჯანსაღებს პროცესს.
- პირადად რამდენად ხართ ჩართული კომპანიის ყოველდღიურობაში, როგორია თქვენი როლი ახლა?
- „ანაგი" არის შემდგარი და წარმატებული კომპანია, სადაც აწყობილი სისტემა მუშაობს. ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელსაც სათავეში უდგას გენერალური დირექტორი და წარმოების დირექტორი, მოიცავს 5 დეპარტამენტს, დირექტორთა საბჭოს, ძლიერ ტექნიკურ ჯგუფს და ეს სინთეზი უკვე 15 წელია, მოქმედებაშია.
ჩემს ჩართულობას რაც შეეხება, ბუნებრივია, არის. თუმცა, ეს უფრო საკვანძო საკითხების შემთხვევაში ხდება და ისიც მინიმალური დოზით. მართალია, ყოველდღიურ რეჟიმში გახლავართ ოფისში და ვუყურებ მიმდინარეობას, თუმცა დეტალურ ჩარევას პროცესი არ საჭიროებს. უნდა ითქვას, რომ გუნდი წარმატებით ართმევს თავს საქმეს და ეს არის იმ აწყობილი სისტემის შედეგი, რომლის „დამსახურებითაც" ზოგადი წარმატება ცალკეულ ადამიანებზე არ არის დამოკიდებული. „ანაგის" მრავალწლიანი ისტორიის ხიბლიც და წარმატების საიდუმლოც იმაშია, რომ კომპანია უკვე თაობებს ითვლის, დღეს ორგანიზაციის მართვაშიც და ყოველდღიურ საქმიანობაშიც გამოცდილ ბირთვთან ერთად, მესამე თაობა, ახალგაზრდები არიან ჩართულნი, რომლებიც ახალი სისხლია კომპანიაში.
- შენება რას ნიშნავს თქვენთვის ემოციურად?
- მშენებლობა თავისი შინაარსით ასოცირდება უკეთესობასთან, სიახლესთან, სიძლიერესთან, სიმყარესთან, ამით ალბათ ახალს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს ემოცია შენების პროცესის მაყურებელ ადამიანსაც კი უჩნდება.
ჩემთვის, როგორც მშენებლისთვის, ეს პროცესი ბუნებრივია, შემიძლია ვთქვა, ორგანულიც, თუმცა, ადამიანური ემოციებიც მაქვს, რა თქმა უნდა, რაც პასუხისმგებლობასა და თავდაჯერებულობას მმატებს. ზოგადად დასრულებული ობიექტებით ხიბლში ჩავარდნის არც დრო გვაქვს და არც სურვილი, პრიორიტეტს მომავალზე ორიენტირის აღებას ვანიჭებთ.
- რა როლი აქვს „ანაგის" წარმატებაში „საქართველოს ბანკს"?
- „ანაგის" ისტორია და „საქართველოს ბანკი" განუყოფელია. მაღალი პროფესიონალიზმით, საჭირო რჩევებით, მოქნილობით, სისწრაფით გამორჩეულ, წლების წინ სწორად შერჩეულ საიმედო პარტნიორთან თანამშრომლობა დღეს რამდენიმე მილიონ ლარშია გამოხატული. გარდა იმისა, რომ „საქართველოს ბანკი" ჩვენი მთავარი მხარდამჭერია, ჩვენი დამკვეთები კმაყოფილი არიან იმით, რომ შეუძლიათ მიიღონ საბანკო გარანტიები ჩვენგან, რომლებიც სწორედ „საქართველოს ბანკის" მიერ არის გაცემული, რადგან ენდობიან მას როგორც მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს და უდავო ლიდერს ბაზარზე.
საიმედო პარტნიორი
სავაჭრო გასართობი ცენტრი ისთ ფოინთი, სითი მოლი გლდანში, გალერეა თბილისი, დავით გაგუას კლინიკა, არაყიშვილი რეზიდენსი - ეს დასრულებული თუ მიმდინარე პროექტების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც „ანაგი" საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.
„მუდმივად განვითარებისკენ სწრაფვა, გამართული მენეჯმენტი, მშენებლობის მაღალი ხარისხი, ეს იმ უპირატესობის მცირედი ჩამონათვალია, რომელთა გამოც კომპანია „ანაგი" „საქართველოს ბანკის" საამაყო პარტნიორია", - ამბობს Forbes Georgia-სთან საუბრისას „საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი ვასილ ხოდელი.
- რა გამოარჩევს „ანაგს" კონკურენტებისაგან და რით დაიმსახურა კომპანიამ თქვენი ნდობა?
- შპს „ანაგი" ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. მას პირველ რიგში მშენებლობის ხარისხი გამოარჩევს, რომელიც გამოიხატება არა მხოლოდ მშენებლობაში გამოყენებული მასალების მაღალ ხარისხში, არამედ სამუშაოების დროულად შესრულებაში, ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სამშენებლო კომპანიაზე ვსაუბრობთ. „საქართველოს ბანკისთვის" ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კომპანია „ანაგი" მუდმივად ვითარდება და დინამიკურ რეჟიმში ცდილობს ახალი სტანდარტების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში არსებულ სამშენებლო ბაზარზე.
- იყო თუ არა დასაწყისში ერთგვარი რისკი სამშენებლო კომპანიასთან ფინანსური თანამშრომლობა, იმ ფონზე, რომ ამ ბაზარზე კომპანიებს ხშირად რეპუტაციული პრობლემები ჰქონდათ?
- სამშენებლო სექტორი საქართველოში შედარებით მაღალი რისკის შემცველი სექტორია. უახლოეს წარსულში არაერთი მაგალითის მომსწრენი გავმხდარვართ, როდესაც არასწორი მენეჯემენტის, რისკების შეუფასებლობისა თუ სხვა ბევრი ფაქტორის გამო, გარკვეული სამშენებლო კომპანიების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა. ცხადია, როგორც სექტორს ახასიათებს, „ანაგთანაც" იყო გარკვეული რისკები, თუმცა „საქართველოს ბანკმა" თავიდანვე შეაფასა ეს და, რაც მთავარია, სწორად დაინახა კომპანიის პოტენციალი. რადგან, როგორც აღვნიშნე, კომპანია მუდმივად ცდილობდა სიახლეების დანერგვას, ორიენტირებული იყო წინსვლაზე და ამასთანავე ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ყოველთვის კონცენტრირდებოდა მის ძირითად საქმიანობაზე და არ გადაჰქონდა ყურადღება სხვა სექტორებსა თუ პროექტებზე (განსხვავებით ბევრი სხვა კომპანიისგან, რამაც შემდგომ ისინი სავალალო შედეგებამდე მიიყვანა). შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ბანკმა" და კომპანია „ანაგმა" ერთად გაიარეს განვითარების გზა და ამჟამად „ანაგი" ერთ-ერთი საუკეთესო სამშენებლო კომპანიაა საქართველოში.
- რა არის თქვენი მიზანი და ბანკის ინტერესი?
- „საქართველოს ბანკის" ინტერესია, დაფინანსებით და პროფესიული რჩევებით გვერდში დაუდგეს ბიზნესს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. ცხადია, ეს ინტერესი გვქონდა „ანაგთან" დაკავშირებითაც, რადგან ვფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს წარმატებული სამშენებლო ბიზნესი, რომელსაც, წინსვლასთან ერთად, სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების დანერგვაც შეუძლია სამშენებლო ბაზარზე. კომპანია „ანაგი" არა მარტო სარგებლობს „საქართველოს ბანკის" გარანტიებით, არამედ ასევე აქტიურად იყენებს საკრედიტო ხაზებს, რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდის კომპანიის საოპერაციო ციკლს. კომპანია „ანაგი", როგორც სხვა პარტნიორი კომპანიები, ჩართულია ბანკის იპოთეკური სესხების პროგრამაში, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს, იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული/პრივილეგირებული პირობებით ისარგებლონ.