ავტორი სალომე ჯანდიერი
„ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიამოვნოდ და საინტერესოდ დაიწყო 2016 წელი", - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს და განმარტავს:
„წლის დასაწყისშივე მთავრობის წევრების მიერ გაჟღერდა ბიზნესისათვის რამდენიმე საინტერესო და ქართული სინამდვილისთვის წარმოუდგენელი წინადადება, რომელიც გარკვეულ შეღავათებს და ბიზნესის სტიმულირებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივების შედეგს ჩვენ უკვე ვხედავთ.
უკვე გაცხადებულია, რომ ქუთაისში აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით შესრულდება ფრენები დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ, რომელიც ბაზირებული სწორედ ქუთაისში იქნება, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ასევე ახალ სამუშაო ადგილებს და საინტერესო შესაძლებლობობს გვთავაზობს ქართული ავიაბაზრით ახალი ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით (Ryanair) დაინტერესება.
დღეს გაკეთდა განცხადება, რომ ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს, ეს კი ნიშნავს ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში, ასეულობით ახალი დროებითი სამუშაო ადგილის შექმნას და მინიმუმ ათეულობით მუდმივ ახალ სამუშაო ადგილს, ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ფინანსურ მდომარეობას.
გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი მიიღებს შეუქცევად ხასიათს და საქართველოში უახლოესი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი უცხოური კომპანია მოახდენს ინვესტიციის განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას", - განაცხადა ჩიქოვანმა.