გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს გურიაში, საჯავახოში, სოფელ ნოღაში დაიბადა. მამა, გაბრიელ ოქროპირის ძე, მედავითნე იყო, მაგრამ მიწაზეც მუშაობდა, რათა შვილებისათვის სწავლის ფული მოეგროვებინა.
რამდენიმე სასწავლებელი დაამთავრა. ჯერ სამრევლო სკოლაში მიაბარეს, მერე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს, იქიდან კლასიკურ გიმნაზიაში პირდაპირ მესამე კლასში ჩარიცხეს, მეხუთე კლასის დასრულების შემდეგ ერთი წლის მასალაც ექსტერნად ჩააბარა და პირდაპირ მეშვიდე კლასში დასვეს. ასე რომ, 22 წლის აკაკი, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზნები ჰქონდა, რუსეთში სწავლის გაგრძელებისათვის უკვე მზად იყო.
პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სტუდენტი ფშავ-ხევსურეთში მთის კილოებს სწავლობდა. მასპინძლობას თვით ვაჟა-ფშაველა უწევდა. პედაგოგ ივანე ჯავახიშვილთან ერთად დააარსა ,,ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე". ამ წრის ორგანიზატორებმა რუსეთსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს ანკეტები დაუგზავნეს. ამ ანკეტებს უნდა გამოერკვია, სად რამდენი ქართველი სწავლობდა, რა ფაკულტეტებს ანიჭებდნენ უპირატესობას, როგორი იყო მათი მატერიალური მდგომარეობა. შეგროვილი ჰქონდათ ასევე ცნობები საქართველოს გარეთ მოღვაწე ქართველებზე. ორი ენთუზიასტი ამ ინფორმაციას სტატისტიკისათვის არ აგროვედა, ისინი საქართველოში უნივერსიტეტის გახსნაზე ოცნებობდნენ და მომავალ კადრებზე ზრუნავდნენ. მართლაც, როცა 1918 წლის 26 იანვარს (8 თებერვალს) საქართველოს დედაქალაქ თბილისში უნივერსიტეტი გაიხსნა, ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კორნელი კეკელიძის, გიორგი ახვლედიანის, ექვთიმე თაყაიშვილის, შალვა ნუცუბიძისა და სხვათა გვერდით აკაკი შანიძეც იდგა.
ქართველური ენების სტრუქტურა და ისტორია, დიალექტოლოგია, ლექსიკოლოგია, სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია, ტექსტოლოგია, ეპიგრაფიკა, ალბანოლოგია, ფოლკლორისტიკა, რუსთველოლოგია - ეს არის დარგები, რომელშიც მეცნიერს ფუძემდებლური ნაშრომები აქვს შექმნილი. 1984 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით გამომცემლობა "მეცნიერებამ" შეკრიბა მისი ნაშრომები და 12 ტომად გამოცემას შეუდგა.
უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ღრმა მოხუცებულობამდე კითხულობდა ლექციებს
.
1960 წლის 24 ოქტომბერს სამი საბჭოთა მეცნიერი: ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი იერუსალიმში.
სამი მეცნიერის მონდომების, მოხერხებისა და ცოდნის წყალობით ქართველმა ხალხმა იხილა ის სახე, რომელსაც ადრე მხოლოდ თუ წარმოიდგენდა.
აკაკი შანიძე გარდაიცვალა 1987 წლის აპრილში. დაკრძალულია თსუ ეზო-სავანეში.
მხატვარი კორნელი სანაძე
წყარო beatmagazine.net