logo_geo
eng_logo
პროკურორი: შესაძლოა, დეკანოზის ქმედება სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული
- +

27 თებერვალი. 2017. 13:37



პროკურორი ჯარჯი წიკლაური არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ქმედება სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული.


საქმის პროკურორმა „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

 

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ შექმნა პირობები დანაშაულის ჩასადენად. კერძოდ, მან წინასწარ გამოძებნა დანაშაულის იარაღი - მომწამვლელი ნივთოერება ციანიდი, წინასწარ შეიძინა თვითმფრინავის ბილეთები გერმანიის მიმართულებით, რის შემდგომაც მიემგზავრებოდა დანიშნულების ადგილას განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით. ამდენად, ბრალდებულმა ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ჩანაფიქრი განეხორციელებინა, რაც ცალსახად მიუთითებს განზრახ მკვლელობის სტადიაზე, რადგან მას არ დასცალდა დანიშნულების ადგილზე გამგზავრება და ვერც დანაშაულის იარაღი - ციანიდი გამოიყენა კონკრეტული პირის წინააღმდეგ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული ბრალდებულის ქმედება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გიორგი მამალაძის ქმედება, შესაძლოა, სხვა პირების წინააღმდეგაც ყოფილიყო მიმართული. გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს", - აცხადებს საქმის პროკურორი.


10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.


მოგვიანებით, ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალდებაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სახელი ფიგურირებდა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner