ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე გაზეთმა „კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- ხომ არ მიანიშნებთ ვერსიაზე, რომელიც მეუფე პეტრემ განაცხადა, - თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება თქვენს წინააღმდეგ, საპატრიარქოში თქვენი პოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული?
- ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, თუმცა ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია - ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება.
- ითქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სწორედ თქვენთან დაახლოებული პირია და ბათუმიდან თბილისში, საპატრიარქოს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე თქვენივე რეკომენდაციით დაინიშნა.
- ეს მეც მოვისმინე და გულწრფელად არ მესმის, რას ნიშნავს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი? დიახ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მე ბათუმში მოძღვრად ვაკურთხე და ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, თბილისში ის ჩემგან დამოუკიდებლად მოხვდა - უხეშად გეტყვით, არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.
- შორენა თეთრუაშვილის საკითხს დავუბრუნდეთ. მეუფე პეტრეს მტკიცებით, ის რამდენიმე სასულიერო პირს „ოქროს თევზებს" უწოდებს, გავლენიან და მნიშვნელოვან საკითხებს ერთპიროვნულად, თავად წყვეტს...
- შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია. ასე რომ, არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება, პატრიარქს უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევლად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო.
სხვათა შორის, როდესაც მეუფე პეტრემ პირველად მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა, გერმანიაში ყოფნისას მივწერე, რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება. მიპასუხა - ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობო.
- გერმანიიდან უწმინდესის მიმართვის სხვადასხვა ვერსია გავრცელდა - მოგვიანებით განმარტეთ, რომ ვიდეომიმართვის შეკვეცა გერმანიაშივე გადაწყვიტეთ, რადგან პატრიარქმა პროკურატურის ნაცვლად, გიორგი მამალაძე ახსენა. ვინ ესწრებოდა ვიდეომიმართვის ჩაწერას და რატომ გავრცელდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით?
- ვიდეომიმართვის ჩაწერისას პატრიარქთან მე, მეუფე გერასიმე, მეუფე თეოდორე, მეუფე ვახტანგი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და შორენა თეთრუაშვილი ვიმყოფებოდით. პატრიარქს სურდა ეთქვა, პროკურატურა ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს და ეს გაუგებარია, რადგან მართლაც საგამოძიებო უწყება სხვადასხვა განცხადებას ავრცელებდა, თუმცა, უწმინდესს შეეშალა და პროკურატურის ნაცვლად გიორგი მამალაძე ახსენა - არადა, ყველამ იცის, რომ დაკავებულ დეკანოზს განცხადება საერთოდ არ გაუვრცელებია და დუმილის უფლებას ინარჩუნებდა. იქ მყოფი პირები ერთხმად შევთანხმდით, რომ ვიდეო სწორედ შეკვეცილი ვერსიით გავრცელდებოდა, რადგან ჩავთვალეთ, უხერხულობას შექმნიდა, ღიად გვეთქვა, რომ პატრიარქმა უნებლიე შეცდომა დაუშვა.
- როგორ წარმოგიდგენიათ საპატრიარქოში არსებული ვნებათაღელვის დაცხრომა, ისიც კი ითქვა, რომ საპატრიარქოდან პატრიარქის ფაქსიმილე გაქრა.
- ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა.
რამდენჯერმე მართლაც გაიჟღერა ამ კონტექსტში პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან მეც დამაკავშირა, თუმცა, ეს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.
პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მესაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს. ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან.
...
პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემს გარდა.