28 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია პროექტისა „ვანის ანტიკური ნაქალაქარი - გუშინ, დღეს, ხვალ". ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
შეხვედრაზე საუბარი იქნება ვანის განვითარების გეგმაზე, მუზეუმის როლზე როგორც რეგიონის მთავარ კულტურულ-საგანმანათლებლო კერაზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ეროვნულ საგანძურთან ერთად, იხილონ ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. ვანი - ძველი კოლხეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი, ძვ.წ. VIII-I საუკუნეების სატაძრო ქალაქი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული თავისი უნიკალური აღმოჩენებით მუდმივად საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვას მოიცავს. 1985 წლიდან ამ დრომდე მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა და ის რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება.