ამერიკის შეერთებული შტატები ამ დროისთვის არ ფლობს სანდო სადაზვერვო მონაცემებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" აშშ-ში მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა ანტიტერორისტულმა სამსახურებმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას აცნობეს, რომ აშშ-ში ტერაქტების პირდაპირი საფრთხე არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ობამამ მოითხოვა, რომ სპეცსამსახურებმა უფრო აქტიურად იმუშაონ „ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად და ყველაფერი გააკეთონ აშშ-ში ტერაქტების აცილების მიზნით.
აშშ-ის ტერორისტული აქტების განხორციელებით დაემუქრა „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა ხელმძღვანელი ღაზას სექტორში. მან განაცხადა, რომ პარიზსა და ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები იყო იმის რეპეტიცია, თუ რა უნდა მოხდეს აშშ-ში.