ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან" მიცემულ ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ დეტალებს ასაჯაროვებს. უფლებადამცველის ინფორმაციით, მცირე ზომის შეკვრა, დეზოდორანტის თავსახურზე შიგნიდან იყო დამაგრებული და სწორედ იმ დროს ჩამოვარდა, როცა დეკანოზმა დეზოდორანტს თავი მოხსნა. ხაჭაპურიძის თქმით, მას ეს ინფორმაცია ციხიდან აქვს და დასძენს „მინდა გითხრათ, რომ ციხეს ძალიან დიდი ყურები და თვალები აქვს".
„ჩემი ინფორმაციით, სპეცსამსახურებსა და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებს ჰქონდათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში გადაჰქონდა ციანიდი. თბილისის აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგი სამართალდამცავებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, მაგრამ ციანიდი ვერსად უპოვეს და დეკანოზს მოუბოდიშეს - უკაცრავად, მამაო, დაგაყოვნეთ, შეგიძლიათ, მიბრძანდეთო! მამა გიორგის ჩხრეკის დროს ხელში ეჭირა დეოდორანტი...ერთ-ერთმა პოლიციელმა უკვე წასასვლელად გამზადებულ მამაოს სწორედ იმ დეზოდორანტზე მიუთითა და უთხრა - მამაო, თუ შეიძლება, ეს დეზოდორანტიც მაჩვენეთო!- ამ დეზოდორანტთან რაღა გინდათო?! - უკითხავს მამაოს და დეზოდორანტისთვის თავი მოუხდია. სწორედ ამ დროს მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - დეზოდონარტის თავსახურიდან ჩამოვარდა პატარა შეკვრა, რომელშიც ციანიდი აღმოჩნდა!", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.