logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია...
- +

28 თებერვალი. 2017. 23:37




პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ და მისმა ინტერესების დამცველებმა დაკითხვის პროცესი შეგნებულად ჩაშალეს. როგორც პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ექიმმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, კვლავ უარს აცხადებს გამომძიებლებთან შეხვედრაზე. წიკლაურის თქმით, ბრალდებულს თავისუფლად შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში.


„გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით, როგორც უკვე აღვნიშნე, გვქონდა ბევრი შეკითხვა, რომელზეც ამომწურავ პასუხებს ველოდებოდით, ასე ვიყავით შეთანხმებული ადვოკატებთან და თავად ბრალდებულთანაც. მოგეხსენებათ, ისინი საჯაროდ დეკლარირებენ, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის და აქეთ გვდებენ ბრალს, რომ თითქოს ჩვენ ვაჭიანურებთ ამ პროცესს. როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ, მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი ოქმები, სადაც ექიმებმა ბრალდებული გასინჯეს ორჯერ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია და მას თავისუფლად შეეძლო, მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში და ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი. ხელთ მაქვს ექიმების თანხმობა, რომლის მიხედვითაც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმაში, იგი თავისუფლად საუბრობს და გადაადგილდება, 2 საათის განმავლობაში, ხვდებოდა და ესაუბრებოდა თავის ადვოკატს და როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ჩვენთან საუბარი მას არ შეუძლია?! მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია, უბრალოდ, მათ კიდევ ერთხელ ჩაშალეს დაკითხვის პროცესი. იდეალურ მდგომარეობაში შეიძლება ვერ იყოს ბრალდებული და სტრესი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც საათების განმავლობაში, ხვდება ადვოკატს და ესაუბრება, რატომ არ შეუძლია ჩვენთან შეხვედრა და საუბარი?! მე ვფიქრობ, მან უბრალოდ, თავი აარიდა ჩვენს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემას. საერთოდ, უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე. გუშინ ჩვენ შევუთანხმდით, რომ ამომწურავი შეკითხვები უნდა დაგვესვა, ეს იცოდა ბრალდებულმა", - განაცხადა წიკლაურმა.


დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების ინფორმაციით კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხვის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა.  მათი თქმით, დეკანოზს კანკალი, დაბალი სიცხე - 35,4, წნევა 98/60-ზე და პირღებინება აღენიშნებოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner