8 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც მერაბიშვილის საქმის თავდაპირველ საქმეშიც მონაწილეობდა და იმ განაჩენის გამოტანაშიც, რომელიც მოგვიანებით ქართულმა მხარემ გაასაჩივრა.
მიუხედავად იმისა, რომ ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა, ახალი მოსამართლის დანიშვნამდე ვალდებულია, საკუთრი უფლება-მოვალეობა შეასრულოს და მეტიც, რადგანაც იგი საქართველოს წარმოადგენს, მერაბიშვილის საქმის ხელახლა განხილვაში მონაწილეობას სტრასბურგის სასამართლო წესები ავალდებულებს.
უზენაესი სასამრთლოს ყოფილი თავმჯდომარე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე გაზეთ „ვერსიასთან" საუბარში აცხადებს, რომ „ყოველი საქმის განხილვის დროს აუცილებელია, დიდ პალატაშიც მონაწილეობდეს ეროვნული მოსამართლე. ვინაიდან მან უკეთ იცის ფაქტობრივი ვითარება ქვეყანაში და მისი საკანონმდებლო ბაზა. ეროვნულ მოსამართლეს არათუ უფლება აქვს საქმეში მონაწილეობის, არამედ, ევალება კიდეც. ამიტომ, თუკი სხვა რაიმე მიზეზი არ არის, წოწორიას სრული უფლება აქვს, საქმეში მონაწილეობა მიიღოს, თუ რაიმე არ შეიცვალა კანონმდებლობაში".
იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ნონა წოწორია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წევრი იქნება, თუმცა, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ.
„მოთხოვნა იყო, საქმე გადასცემოდა 7 მოსამართლიდან 17 მოსამართლეს ანუ დიდ პალატას, სადაც ჩვენ განვიხილავდით მე-18 მუხლის საკითხს თავიდან. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შესულიყო ძალაში, რადგან მივიჩნევდით მას უპრეცედენტოდ, ამიტომ გავასაჩივრეთ დიდ პალატაში და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა ანუ საქმე მთლიანად გადაეცა თავიდან განხილვაში დიდ პალატას", - აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
როგორც მინდია უგრეხელიძე „ვერსიასთან" აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ნონა წოწორიას სტრასბურგში მოსამართლეობის ვადა გაუვიდა, მას მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის სრული უფლება აქვს, რადგან ის არის ეროვნული მოსამრთლე.
„ნონა წოწორიას აქვს უფლება, საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ვადა გაუვიდა, რადგან სანამ საქართველოდან ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ და ფიცს არ დადებს, მანამდე არსებული მოსამართლე ვალდებულია, გააგრძელოს თავისი უფლებამოსილებების აღსრულება. წოწორიას საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება იმ შემთხვევაში არ ექნება, თუ მოსამართლედ დანიშვნამდე იყო რამენაირად დაკავშირებული მერაბიშვილთან. თავის დროზე ის იყო ადეიშვილის მოადგილე. სტრასბურგში რომ ახლა ადეიშვილს ასამართლებდნენ, მას არ ექნებოდა საქმეში მონაწილეობის უფლება", - განმარტავს მინდია უგრეხელიძე.
ნონა წოწორია სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა და 9 წლის ვადით არის არჩეული. 2017 წელს მას სტრასბურგში მოსამართლეობის ვადა გაუვიდა. ნონა წოწორია ზურად ადეიშვილის „ფავორიტი" და გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახლდათ. კულუარული ინფორმაციით, სწორედ ადეიშვილის რეკომენდაციით, შეცვალა მინდია უგრეხელიძე სტრასბურგში ვადის ამოწურვის შემდეგ.