ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის შეფასებით, რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი „ცუდი ენით, უცნაურ, მკაცრ განცხადებებს აკეთებს". დეპუტატის აზრით, ეს ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს, თუმცა მთლიანად პოლიტიკურ ატმოსფეროს არ განაპირობებს.
მისი თქმით, კოალიციაში შემავალი ყველა პარტია თავის პროგრამას წარმოადგენს და თუ ძირითადი ხედვები შეჯერდება, კოალიცია ერთად იქნება, თუ არა და, ცალ-ცალკე მოუწევთ არჩევნებზე გასვლა.
„არც ერთ სუბიექტს, მათ შორის, არც ჩვენ - ყველაზე დიდ პარტიას, არ უნდა, რომ განცხადება გააკეთოს ისე, რომ არ ჰქონდეს შეთანხმებული გუნდის წევრებთან, კონფერენციაზე არ იყოს განხილული. ასეა რესპუბლიკური პარტიაც. მათი მთავარი კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ რეჟიმში აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას - უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა. მაგრამ სანამ ეს სურვილი იქნება გამოხატული ნებისმიერი სუბიექტისგან, მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს - სად გვაქვს ერთიანობა და სად კომპრომისების მეშვეობით შესაძლოა დავუშვათ ერთიანობა. თუ ეს კომპრომისები არ არის შესაძლებელი, ვერ იქნება ერთიანი ბლოკი წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება კოალიციას, ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ და ვიყოთ უმრავლესობაში. იქნება ეს უმრავლესობა კოალიციის ფორმატში შენარჩუნებული თუ არაკოალიციურად იქნება უმრავლესობის 88 ადამიანი, უახლოეს დღეებში გვეცოდინება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.