პოეტი დავით მაღრაძე „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს.
- დათო, ინტერნეტ-სივრცეში თქვენმა ლექსმა - „თეთრი პერანგი" დიდი გამოხმაურება ჰპოვა. იგი წლების წინ შექმენით, თუმცა, ზუსტად ეხმიანება დღევანდელ რთულ რეალობას, რაშიც ერი და ბერი ვიმყოფებით. როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს?
- შესაძლოა არსებობდეს პოეტის ინტუიცია, ან უფაქიზესი ნიუანსი, რითაც იგი სამყაროს უფრო ვრცლად ხედავს. დღეს, რა ხდება? - ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით - გაცხადდა დაფარული დიდი სატკივარი, რასაც საზოგადოების მცირე ნაწილი ხედავდა და პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე ამაზე საუბრობდა კიდეც. რა თქმა უნდა, კეთილი განზრახვით, იმის სურვილით, რომ ამ უდიდეს სატკივარს შველებოდა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში არის ხალხის ისეთი ნაწილიც რომელსაც ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება ახარებს, მეტიც, ეს მათთვის დღესასწაულია, ვინაიდან ქრისტიანობის და ზოგადად, სარწმუნოების მოწინააღმდეგენი არიან. ადამიანების მეორე ნაწილი ამ სატკივარს, პრობლემატიკას განიცდის, ოღონდ, მოკრძალებას ინარჩუნებს და ფიქრობს ისეთი ფორმა გამოძებნოს, რაც ადამიანის ეკლესიისადმი ემოციას კი არ დააზიანებს, არამედ რაღაცაში წაადგება კიდეც. მთავარია, განზრახვაში კეთილი მარცვალი იყოს ჩადებული. მხოლოდ ასე თუ ეშველება ამ სატკივარს. დღეს, უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი იმ სატკივარის შესახებ, რაც დღევანდელ ქართულ ეკლესიაში არსებობს. როგორ ლამაზადაც არ უნდა შევფუთოთ, სამწუხაროდ, პრობლემა არსებობს, თანაც სერიოზული. სჯობს, რეალობას თვალი გავუსწოროთ და პრობლემის შველაზე ვიზრუნოთ, კერძოდ, თუ როგორ გავაკეთილშობილოთ მოცემული არაკეთილშობილური გარემო. აქვე, ერთ ფაქტს გავიხსენებ: პარლამენტის წევრი გახლდით, როდესაც ამ ორგანომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება ანუ, კონკორდატი მიიღო. გარკვეული ჯგუფი ამ საკონსტიტუციო შეთანხმებას არ ვიზიარებდით. გვქონდა იდეა, ამას სვეტიცხოვლის შეთანხმება დარქმეოდა. მიზეზი შემდეგი იყო: როცა კონკორდატს საკონსტიტუციო შეთანხმება დაერქვა, მან იგივე ძალა შეიძინა, რაც კონსტიტუციას აქვს. როცა ჩვენი კანონმდებლობა საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამობაში მოდის, ამ უკანასკნელს პრიორიტეტი ენიჭებათ, გარდა კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო შეთანხმების. ამიტომაც, გვინდოდა აღნიშნულს სვეტიცხოვლის შეთანხმება დარქმეოდა, რათა შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტი საერთაშორისო სამართალს მინიჭებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. პარლამენტის ის წევრი გახლდით, რომელმაც კონკორდატს ხმა არ მივეცი. შემოთავაზებული კანონპროექტის მომხრე არ ვიყავი, მაგრამ უმრავლესობა მას მხარს უჭერდა და ვერაფერს გავხდი.
- დათო, რა იყო მიზეზი, რატომ არ დაუჭირეთ მხარი კონკორდატს?
- ჩემი მოსაზრებების გამო. კერძოდ, არ მგონია, რომ ეკლესიას მატერიალური დოვლათი აძლიერებს. მიმაჩნია, რომ ეკლესიას სულიერების გაღრმავება აძლიერებს და არა მატერიალური დოვლათი. პირდაპირ ვამბობ, ვეცდები გულწრფელი ვიყო: არ მგონია, რომ ეკლესიის, უფრო სწორად, საპატრიარქოსა და სინოდის წიაღში წარმოშობილი დავა, პოლემიკა ან მსოფლმხედველობრივი იყოს, ან თეოლოგიური, ანაც მჭვრეტელობითი. ჩემი აზრით, ეს, ქონებრივ გადანაწილებაზე დავა არის. ამიტომ, არ ვიყავი ეკლესიისთვის მატერიალური დოვლათის გაძლიერების მომხრე. სწორად არ მიმაჩნია, რომ ამით ეკლესია ძლიერდება. ვიმეორებ, ეკლესიის ძლიერება ხდება სულიერების გაღრმავებით. ყოველი ქრისტიანის მცდელობა უნდა იყოს სულიერად ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს. ადამიანმა ეს თუ შეძლო და ერთი საფეხურით მაღლა ავიდა, მაშინ საკუთარი თავი მით უფრო ეცოდვილება და საკუთარი ცოდვა-ბრალის მიმართ თვალი გამჭრიახი უხდება. ეს პრობლემა გვაწუხებს, რადგან ეკლესია ჩვენი ნაციონალური იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ მისი გადარჩენით და არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერი გაძლიერებით. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, ვფიქრობ, ეს მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ფარისევლობა, მაამებლობა და ეკლესიასთან ფლირტია. ამიტომ, ჩემმა დამოკიდებულებამ ასეთი თვალსაწიერი გამიჩინა. აქვე, ვიტყვი: პირადად, წმინდა წერილთან გაუცხოება არ მაქვს. არ მახსენდება არცერთი ეპიზოდი, სადაც უფალი მოციქულებს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასწავლის. თუ გამახსენებენ, მადლობელი ვიქნები და ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ ვერსად ამოვიკითხე, რომ 12 მოციქულს რომლებმაც შემდგომ "ახალ აღთქმას" და საერთოდ, ქრისტიანობას დაუდეს სათავე, სადმე ექადაგოთ, რომ ეკლესია მატერიალურად მდიდარი უნდა იყოს. ასეთი რამ არ მახსენდება. იესო მოციქულებს ეუბნებოდა: წადით და იქადაგეთ, ნეტარ იქნებით თქვენ, თუ სიმართლისთვის დევნილნი იქნებით. წმინდა წერილში არსად ამომიკითხავს უფალს მოციქულებისთვის ეთქვას: წადით და გამდიდრდითო. ერთსაც ვიტყვი, რაც ლექსშიც გამოვხატე: იესომ ტანზე ერთი პერანგი შემოიხვია და ჯვარზე ავიდა. ეს არის გზა, რომელიც უფალმა გვაჩვენა. ეს არ არის ამქვეყნიური სიამტკბილობის, განცხრომის გზა. ეს არის რთული ნარეკლით მოფენილი გზა. თუ ამ გზას ირჩევ, უნდა ეცადო გზისგამკვალავს ცოტათი მაინც დაემსგავსო. მცდელობა მსგავსებაში უნდა იყოს და არა მასთან განსხვავებაში. ამიტომ, შეუსაბამობაში მოდის, როდესაც ამბობ, ამ გზას მივსდევო და სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სულ სხვა გზაზე დგახარ. მიმაჩნია, რომ ღმერთმა ადამიანი ადამიანად შექმნა, ოღონდ, არჩევანი დაუტოვა - გზა ადამიანობისკენ, რომელიც თავად უნდა აირჩიოს. ამაში არის ჩვენი თავისუფალი არჩევანი. მოხარული ვიქნები თუ ავირჩევთ გზას ადამიანობისკენ, ღირსებისკენ, კაცთმოყვარეობისკენ, სიყვარულისკენ. ეს გზა არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს გზა, რომელიც ერთი მხრივ, ორატორული ხელოვნებით გამაგრებული და აფიშირებულია, მაგრამ რეალობა არ ასახავს ფრაზეოლოგიას. ანუ, ფრაზეოლოგიასა და ცხოვრების წესს შორის ცდომილებაა. ცდომილება სულ იქნება, ოღონდ, ერთია, როცა ამ ცდომილების დასაძლევად ისწრაფვი და მეორეა, მხოლოდ მატერიალური დოვლათისკენ რომ გაგირბის თვალი. სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ჩემი დამოკიდებულება არც ადრე დამიმალავს და ახლაც ვიტყვი: საპატრიარქოსგან სხვა პოზიციას, სხვა დამოკიდებულების გამოხატულებას ველოდი, ეს შეიძლება ჩემი პრობლემაა, მაგრამ ჩემი ამოსავალი ყოველთვის წმინდა წერილი არის.
აშკარაა, რომ კრიზისი არსებობს, ეს დაფარული აღარ არის, მაგრამ რაც გაცხადდა გონიერმა ხალხმა შეიძლება არსებული ვითარება გააკეთილშობილოს. კრიზისი შეიძლება კათარზისის დასაწყისი იყოს. აშკარაა, ეკლესიის ადმინისტრირების მართვის განახლების აუცილებლობა დადგა. თქვენც ხედავთ, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები რა ბრალდებებით გამოდიან ერთმანეთის წინააღმდეგ და საერთოდ, რაზე მსჯელობენ, რაში სდებენ ერთმანეთს ბრალს. კრიზისი სახეზეა. ეს არ არის ეკლესიის წიაღში არანაირი მჭვრეტელობითი წინააღმდეგობა. ეს არის ჩვეულებრივი გარჩევები და ერთმანეთისთვის სააშკარაოდ ბრალის დადება. მათ ეტყობა ჩათვალეს, რომ საზოგადოება არ დგას იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ რაც ხდება არ მოეწონოს. მათ ჰგონიათ, ამ ბრალდებებში საზოგადოება მათ მხარეს აღმოჩნდება. მე, არცერთის მხარეს აღმოჩენა არ მსურს. მინდა, პოლემიკის არცერთ მხარეს არ აღმოვჩნდე იმიტომ, რომ ვფიქრობ, ქრისტიანის ადგილი არცერთ მხარეს არ არის. ჩემი აზრით, ეს პოლემიკა კრიზისის გათვალსაჩინოების რეალური სურათი არის და ქრისტიანმა, თვითონ ეკლესიის წიაღში, სულიერი მდგომარეობის გაკეთილშობილება უნდა დაიწყოს.
- დათო, კრიზისი დღეს არ დაწყებულა. თუმცა, გაუგებარია ხელისუფლების ქმედებებიც. ჯერ მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს, მერე, უარყვეს; ბრალი ორი კვირის წინ წაუყენეს და ახლახან, ჩაუტარეს ექსპერტიზა. რა ხდება, ვინ მართავს ამ პროცესებს?
- საერთოდ, მთავრობა პათეტიკურ განცხადებებს თავს თუ დაანებებს, კარგი იქნება. ვფიქრობ, პათეტიკა მთავრობის განცხადებების შესატყვისი არ არის. სიმართლე გითხრათ, პათეტიკა პოეზიაშიც არ მომწონს და მით უმეტეს, მთავრობის განცხადებებში. მთავრობის პათეტიკური განცხადებები უნიჭო ლექსის ასოციაციას უფრო იწვევს, ვიდრე დაბალანსებული, ბრძნული განცხადებისას. მათი გამონათქვამები ზედმეტად პათეტიკურია. მაგრამ ჩემი აზრით, ყველაფერი რაც ხდება გონიერმა საზოგადოებამ შეიძლება უკეთესობის საწინდარი გახადოს. ვფიქრობ, ახლა, სასულიერო, საერო სამყარო ერთი სურვილით უნდა განიმსჭვალოს _ ერშიც და ბერშიც საქმე როგორმე უკეთესობისაკენ დაძრას. ყველამ ვიცით როგორი იყო საბჭოთა ცნობიერება, ეს ინერციით აქა-იქ კიდევ არსებობს _ მთავარია, ხალხს ეგონოს, თითქოს საქმე კეთდება და არა ისე, რომ საქმე მართლა კეთდება. დღევანდელ სიტუაციაზე თუ გადმოვიტანთ, ბევრი შემდეგის მომხრეა _ მთავარია მოსახლეობას ეგონოს, თითქოს, აქ, ძალიან მაღალი სულიერებაა და არა ისე, რომ მართლა მაღალი სულიერება იყოს. პანდორას ყუთი გაიხსნა _ როგორი ლამაზი ლენტებითაც არ უნდა შევკრათ და ბანტი გავუკეთოთ, სურათი თვალნათლივ ცხადია: ზოგი, ამ ყველაფრით შეწუხებულია და უკეთესობა სურს, ზოგი, რა თქმა უნდა, ხარობს იმით, რომ ეს ქართული სახელმწიფოს მომავლის საზიანოდ შეიძლება გამოიყენოს. ამდენად, ყველას ძალიან დიდი გონიერება გვმართებს, ამას ვეღარავინ მიჩქმალავს. ყოველშემთხვევაში, ვეცდები, ეს არ მიიჩქმალოს იმიტომ, რომ ქრისტიანობა აღსარებიდან იწყება. თუ ადამიანმა არ განაცხადა, არ თქვა ის ჭირი, რაც მის სულში ჩაბუდებულია და ამის შელამაზებას ეცადა, მაშინ ეს აღსარება აღარ იქნება. ახლა, საჯარო აღსარების ასპარეზია. ყველა ჩვენგანს ვგულისხმობ და არა მხოლოდ სასულიერო პირებს. ვიცი, რომ იდეალური სურათი არასდროს დაიხატება და პრობლემები სულ იქნება, მაგრამ ნორმალური საზოგადოება უკეთესობისკენ უნდა ისწრაფვოდეს. ამის მიჩქმალვით, შელამაზებით უკეთესობა არ დადგება. ახლა არის მოცემულობა, რომელიც აღსარების აუცილებლობას მაგონებს.
- დათო, როგორც საუბრისას აღნიშნეთ, დღეს ყველა იყენებს ტერმინს - მართლმადიდებელი და ქრისტიანს აღარავინ ახსენებს.
- დიახ, ჩვენი ფრაზეოლოგიიდან ქრისტიანი დაიკარგა. ვიმეორებ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს სიტყვა ჩვენს ფრაზეოლოგიაში დასაბრუნებელია. ქრისტიანი დავკარგეთ. იყო ასეთი გამოთქმა: რა მოგივიდა, ქრისტიანი არა ხარ, კაცო. ამ სიტყვას დღეს მართლმადიდებელი ჩაენაცვლა იმიტომ, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთადერთობას და სხვათა ცოდვას, დაღუპვას. ხშირად მომისმენია ქადაგებები თუ როგორ უნდა გაბრწყინდეს ივერია. ოღონდ, ამ გაბრწყინებაში რასაც გულისხმობენ, ეს, ხშირ შემთხვევაში, სავალალოა. კერძოდ, გარშემო როგორ იწვის, იბუგება და წყალს მიაქვს ყოველივე, ქართველებს არაფერი ემატებათ გარდა იმისა, რომ სხვათა დაღუპვას ხედავენ და თურმე ეს ყოფილა გაბრწყინება _ უყურო როგორ იღუპება ყველა დანარჩენი ნაციონალობა. ეს ნაციონალისტური უკიდურესობაა, რომელსაც ქრისტიანობასთან არავითარი საერთო არ აქვს. იმიტომ, რომ ქრისტიანობა ზე-ნაციონალური რელიგიაა ისე, როგორც ხელოვნება არის ზენაციონალური მოვლენა. მხოლოდ იუდეველებს კი არ მიეცათ ქრისტეს აღიარების საშუალება, არამედ ჯვარცმა მოხდა, რათა ამის საშუალება ყველას მისცემოდა. უფალი ჯვარზე ერთი პერანგით ავიდა, რათა მასთან მიახლოების ასპარეზი და საშუალება ყველა ჩვენგანს მისცემოდა. ამიტომ, გამუდმებით სხვათა მწვალებლობაზე საუბარს იქნებ სიყვარულზე გვესაუბრა. სხვისი ცოდვა-ბრალი ჩვენ არაფერს გვმატებს, დღენიადაგ სხვათა შეცდომებზე საუბარს, სჯობს შენს სიმართლეზე ისაუბრო. პირველყოვლისა, საკუთარ თავს შევახსენებ, თუმცა, სხვასაც არ აწყენდა ამის გაგონება: არ ვამბობ თითქოს, ეკლესიას რაიმე სახით მატერიალური საყრდენი არ გააჩნდეს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო _ ქრისტე იერუსალიმში ჯორით შევიდა. იერუსალიმი იმ პერიოდში რომის იმპერიის შემადგენელია. იმ დროს რომს აქვს ეტლები, დღევანდელი ლექსუსი, პრადო. იესო კი ჯორით შევიდა. ესეც ნიშანია თუ რას ასწავლის იესო მის ყველაზე ერთგულ მიმდევრებს. ერთიც მინდა ხაზგასმით ვთქვა _ იერუსალიმში შესვლას ჯვარცმა მოჰყვა. ამ შემთხვევაში, რომი, ჩემთვის, ცივილიზაციაა და ქრისტე _ კულტურა. ცივილიზაციას კულტურა ჯვარცმისკენ მიჰყავს. რა თქმა უნდა, იგებს ცივილიზაცია, მაგრამ იმარჯვებს კულტურა. აღდგომა ჯვარცმის მერე დგება. ვინატრებდი, რომ დღევანდელი პროცესი აქეთკენ წავიდეს.
- დათო, ამ მძიმე თემის შემდეგ განათლებაზეც ვისაუბროთ. ლომაიადან მოყოლებული მუდმივ რეფორმებში ვართ, თუმცა ამ სფეროს წინსვლის არაფერი ეტყობა, ქვეყნის განათლების ბედი რიგითი ბუღალტრების ხელიდან ვერ დავიხსენით. რა ძვრებია ამ მიმართულებით?
- რა გითხრათ. რაც დამოუკიდებელი საქართველო მახსოვს, გაიძახიან განათლებაში რეფორმა უნდა ჩატარდესო. რას გულისხმობენ, კარგად არ ვიცი. ჩემი დამოკიდებულება ასეთია - როცა არსებობს პედაგოგი სოლომონ დოდაშვილი და მოწაფეები დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, ეს სწავლა-განათლება ვარგა, ეს არის ძალიან სწორი სწავლა-განათლება. არსებობს მარადიული სამკუთხედი - პედაგოგი, მოსწავლე, სახელმძღვანელო. ეს რეფორმას არ ექვემდებარება. რატომღაც ცდილობენ რაღაც ისეთი მოიგონონ, რაც კაცობრიობას შეუმჩნეველი დარჩა, ყველა თაობას ვისაც დღემდე ცივილიზაციის სამყაროში უცხოვრია, გამორჩა და მხოლოდ ერთმა მიაგნო იმ მიუგნებელს, რაც აქამდე გამორჩა პლატონს, სოკრატეს, არისტოტელეს, საქართველოში გელათის აკადემიას, ივანე ჯავახიშვილს, ილიას, ვაჟას და თურმე, აი, ახლა, იწყება ის მთავარი მიგნება, რომელიც კაცობრიობის ისტორიას თავდაყირა დააყენებს. ასე, არ ხდება. ეს რაღაც მოარული სიტყვა - რეფორმა სამინისტროდან სამინისტროში დაფრინავს და მეტი არაფერი. ხომ შეიძლება კონკრეტულად იმ სახელმძღვანელოებზე იფიქრონ, რაც სწავლა-განათლებას მოწადინებულ ადამიანს სულიერ სარგებლობას მოუტანს.
- რა ვითარება გვაქვს განათლების მონათესავე - კულტურის სფეროში, რომელიც წესით, ქვეყნის იდეოლოგიური ხერხემალია, რაც დღეს, ერს გამოცლილი აქვს.
- საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა. კულტურის სამინისტრო არ ასახავს ქართულ კულტურას და არც უნდა ასახავდეს. ეს არის სახელისუფლებო უწყება, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაზე უნდა ზრუნავდეს. მართებულად არ მიმაჩნია, რომ გაჭირვებული ქვეყნის პრიორიტეტი რომელიღაცა ცნობილი ესტრადის მომღერლის ჰონორარზე ათეულობით მილიონის დახარჯვაა. მერე ამის გამართლება, გათეთრება იწყება, თითქოს, ეს სჭირდება ქვეყანას, ხვალინდელ დღეს, თურმე, ისე ზღვაზე არავინ ჩამოვა, თუ იქ რობი უილიამსი ან აეროსმიტი არ დაახვედრე, და ა.შ. თურმე, ისე შავი ზღვის სანაპირო არავის აღარ მოუნდება. ამ თემაზე ათეულობით მილიონი იხარჯება. შოუ-ბიზნესიც ჩვეულებრივი ბიზნესია და სწორედ ბიზნესი უნდა კვებავდეს ბიუჯეტს და არა პირიქით - ბიუჯეტი ბიზნესს.
„ჩექ ინ ჯორჯია" - ასე ჰქვია ამ პროექტს, რაშიც ამდენი მილიონები იხარჯება. გონივრული ეჭვი მაქვს „ჩექ ინ ჯორჯიას" პროექტი, ვიღაცის „ჩექ-აუთ"-ით დამთავრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ „ჩექ-ინ"-ში ვიქნებით. მესმის, რომ აეროსმიტი დიდებულია, მაგრამ შოთა რუსთაველის 850 წლისთავი რომ არ გახსოვს და აეროსმიტი გახსოვს, ერთი ლარი რომ არ გახსენდება რუსთაველის იუბილესთვის და მილიონები გახსენდება „ჩექ-ინ" აეროსმიტისთვის, ეს არანორმალური მგონია. ეს არ უნდა ხდებოდეს „ვეფხისტყაოსნის" დავიწყების და ბიუჯეტის განიავების ხარჯზე.
- როგორ შეაფასებთ, სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე მოვლენებს?
- გამონაკლისი შემთხვევა „რუსთავი 2" მგონია. ასეთი ვითარებაც იყო, როდესაც „რუსთავი 2" ტელევიზია იყო და როცა შევარდნაძის პერიოდში საფრთხე დაემუქრა, მეც ვიცავდი თავისუფალ სიტყვას და კონკრეტულად, „რუსთავი 2"-ს. დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. დღეს, ჩემი აზრით, „რუსთავი 2" ტელევიზია არ არის. ლავრენტი ბერიამ და ძერჟინსკიმ ტელე-კამერები რომ მოიმარჯვონ, განა ტელევიზიის დირექტორები იქნებიან?! ან, გებელსმა და გერინგმა უფლებადაცვითი NGO-ები რომ დააარსონ, ეს დემოკრატია იქნება? ანდა, ჩიკოტილომ გენდერული თანასწორობის არასამთავრობო ორგანიზაციას რომ შეაფაროს თავი, ეს ტელევიზია იქნება?!
- რას იტყვით დონალდ ტრამპის მიერ აღებული ახალი პოლიტიკური კურსის შესახებ?
- ტრამპმა შესანიშნავი ტენდენცია წამოიწყო - იგი მედიის შანტაჟის ტყვეობაში არ მოექცა, ეს გვერდზე გაწია, პირდაპირ ხალხთან მივიდა და არჩევნებში გაიმარჯვა. ტრამპი ფარისევლურ, ჩაბეტონებულ სისტემას დაუპირისპირდა. ამ დიქტატურის მთავარი საყრდენი და აზროვნებაზე ძალადობის მანქანა არის მედია. სხვათა შორის, ეს ძალიან ჰგავს 2012 წლის საქართველოს. რაც მაშინ ივანიშვილმა წამოიწყო, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად, პრეცედენტისთვის. პოლიტიკაში მოვიდა კაცი, რომელიც არ დაექვემდებარა პოლიტკონიუნქტურის დიქტატურას და მედიის ბატონობის მონობაში არ დარჩა. მან აჩვენა, რომ შეიძლება ამ მონსტრის კონიუნქტურას, მედიის შანტაჟს არ დაექვემდებარო და პრეცედენტი შექმნა. ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური გავლენით და სამხედრო არსენალით არ არის ძლევამოსილი, მაგრამ პრეცედენტს მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ივანიშვილმა მედიის მიმართ, პოლიტიკოსების მხრიდან ტრადიციად ქცეული მლიქვნელობა, დაარღვია. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მსგავსი პროცესი განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ პარალელური პროცესი წარიმართა, რაც შემდეგ აშშ-ში - დემოკრატიის ფლაგმან ქვეყანაში 2017 წლის არჩევნებში ტრამპის ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ხელისუფლებისა და მედიას შორის ურთიერთობის მხრივ ახლანდელი აშშ-ს რეალობა ძალიან ჰგავს 2012 წლის საქართველოს. ეს სხვა ქვეყნებშიც დაიწყება. რით განსხვავდება ჭკვიანი კაცი უჭკუოსგნ? - იგი, კლასიკა რაც არის, იმის რევიზიას არ იწყებს. არ ეჭვდება იმაში, რაც კაცობრიობის ისტორიაში აპრობირებულია. ყველა ის მოახლოებული გარყვნილება კრავის ქურქით, სიბილწის დიდი ნიაღვარით მოდის, რისი პირველი ნიშანიც ათი მცნების რევიზიაა. სამყაროში ჩვენი ეპოქის საერთო სურათი ასეთია: უკულტურობა კულტურას ებრძვის. მაგალითისთვის, ათი მცნებაში იესო ამბობს: „პატივი ეც დედასა და მამასა შენსა". მშობლების პატივისცემა კულტურაა, მშობლების უპატივცემულობის უფლების ძიება - უკულტურობა. კიდევ მაგალითი: მამათმავლების საქმეში არ ჩარევა არის თანაცხოვრების კულტურა, მაგრამ ანზორის და ჯუმბერის მაინცდამაინც სიონში თუ უნდათ ერთმანეთზე ჯვრისწერა, უკულტურობაა. ახლა გვეუბნებიან: უფლება გაქვთ არ სცეთ პატივი დედას და მამას. ამ ერთი შეხედვით უწყინარი რეკომენდაციებით იწყება სიბილწის დიდი ნიაღვარი, რომლის მიზანიც, როგორც ვთქვი, ათი მცნების რევიზიაა. სიბრძნე ისაა, როცა კლასიკის რევიზია არ ხდება. როგორი ძვირიც არ უნდა ღირდეს და წალეკოს აუქციონი ენდი უორჰოლმა, კარავაჯოს ვერასდროს გადაწონის. ამის რევიზია არ ხდება. შეიძლება აუქციონმა ხელოვნურად შექმნილი დროებითი ავტორიტეტით გადაწონოს მარადიული ღირებულება, მაგრამ ეს როცა იქნება აუცილებლად გასწორდება. მოდა იმისია, რომ პოდიუმის ბილიკზე ჩაივლის, მარადიულობა ამ პოდიუმის ბილიკებში საერთოდ არ მონაწილეობს.