logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თურმე, ვაჟა რომ ავიდოდა „ცხემნობუსში“, კნეინები ამოიღებდნენ „პლატოკებსა“ - ფუი, რა ცუდი სუნი დადგაო!
- +

1 მარტი. 2017. 22:54


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვაჟა-ფშაველა ლექსს რომ დაწერდა, ცოტა ხანს ჩაფიქრდებოდა, მერე შინაურებს დაუძახებდა, სიმაღლის მიხედვით დააყენებდა, წაუკითხავდა და ჰკითხავდა:

- გამადგებისა?

- ჰო, ლუკავ, გამადგებისა, მაშ! - უპასუხებდნენ აღფრთოვანებულები.

 

ამის შემდეგ ადგებოდა, ჩაალაგებდა თავის ხურჯინში და დაეშვებოდა თავქვე, ტიფლისისაკენ. მივიდოდა ილიასთან, „ივერიის" რედაქციაში, ამოატრიალებდა ამ ხურჯინს, წამოყრიდა მაგიდაზე ქაღალდებს, ჩამოჯდებოდა იქვე დარცხვენილი და ცოტა ხნის შემდეგ ახლა ილია ჭავჭავაძეს ჰკითხავდა:

 

- ილიავ, გამადგებისა?

- ჰო, ვაჟავ, გამადგებისა, - ეტყოდა ისიც ხუმრობით და ფეხზე ადგომით გამოისტუმრებდა.

 

აი, როგორ იხსენებს მამას გულქან რაზიკაშვილი:

 

„მამაი გართული იყო ბუნებაშია, არა გაეგებოდა შვილებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა, იმისი კოცნა არ მახსომს. არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატ-რატსა, მალევე მოშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. მამას ბალღ-ბულღთა არა მიზდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში იყო გართული. ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, ვერა გაიგო თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგდო, ჩვენიცა... არც სხვის ტოლად გვცმია და არც სხვის ტოლად გვხურვია"...

 

ავიდოდა ილიასგან წამოსული ვაჟა „ცხემნობუსში", რომელიც სულ კნეინებითა და ფრანციცულად მოლაპარაკე ახალგაზრდა კაცებით იყო სავსე... ესენი, ეს კნეინები აიფარებდნენ ცხვირზე სასიყვარულო რამე-რუმეებით ამოქარგულ „პლატოკებსა" და დაიწყებდნენ ვიშ-ვიშსა: ფუი, ფუი, რა ცუდი სუნი დადგაო? იგრძნობდა ვაჟა, რომ მას უდიოდა ცხვარ-ძროხის სუნი... ვინ იცის, იქნებ ეს იყო უბრალოდ მთიდან ჩამოტანილი ბუნების, ანუ ბალახ-ბულახის სუნი, მაგრამ გააჩერებინებდა „ცხემნობუსსა" და ჩამოხტებოდა, თან წითლდებოდა, რცხვენოდა, საკუთარ თავზე ბრაზობდა, პატივცემული ხალხი რათ შავაწუხეო? იყო ერთი შემთხვევა, როცა ერთხელ ჩამოაგდეს კიდევაც კნეინებმა. ეს დაახლოებით ვაჟა-ფშაველას გამზირის მიდამოებში ხდებოდა (ახლა როა).

ჰოდა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა და მეწყერმა ჩაიარა (კაცმა რომ თქვას, არც ისე ბევრმა, სულ რაღაც ერთმა საუკუნემ),მაგრამ განა რამე შეცვლილა? არაფერი!

 

p.s. არც იმას კითხულობს ვინმე ამ ქვეყანაში, რა გამადგებისა და რა არ გამადგებისა!" - წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner