logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ჩვენი ფრაზეოლოგიიდან ქრისტიანი დაიკარგა!
- +

2 მარტი. 2017. 00:13


 

„იყო ასეთი გამოთქმა: რა მოგივიდა, ქრისტიანი არა ხარ, კაცო. ამ სიტყვას დღეს მართლმადიდებელი ჩაენაცვლა იმიტომ, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთადერთობას და სხვათა ცოდვას, დაღუპვას" , - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „საერთო გაზეთთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.  როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ქრისტიანობა ზე-ნაციონალური რელიგიაა ისე, როგორც ხელოვნება არის ზენაციონალური მოვლენა.

 

„ჩვენი ფრაზეოლოგიიდან ქრისტიანი დაიკარგა. ვიმეორებ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს სიტყვა ჩვენს ფრაზეოლოგიაში დასაბრუნებელია. ქრისტიანი დავკარგეთ. იყო ასეთი გამოთქმა: რა მოგივიდა, ქრისტიანი არა ხარ, კაცო. ამ სიტყვას დღეს მართლმადიდებელი ჩაენაცვლა იმიტომ, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთადერთობას და სხვათა ცოდვას, დაღუპვას. ხშირად მომისმენია ქადაგებები თუ როგორ უნდა გაბრწყინდეს ივერია. ოღონდ, ამ გაბრწყინებაში რასაც გულისხმობენ, ეს, ხშირ შემთხვევაში, სავალალოა. კერძოდ, გარშემო როგორ იწვის, იბუგება და წყალს მიაქვს ყოველივე, ქართველებს არაფერი ემატებათ გარდა იმისა, რომ სხვათა დაღუპვას ხედავენ და თურმე ეს ყოფილა გაბრწყინება - უყურო როგორ იღუპება ყველა დანარჩენი ნაციონალობა. ეს ნაციონალისტური უკიდურესობაა, რომელსაც ქრისტიანობასთან არავითარი საერთო არ აქვს. იმიტომ, რომ ქრისტიანობა ზე-ნაციონალური რელიგიაა ისე, როგორც ხელოვნება არის ზენაციონალური მოვლენა. მხოლოდ იუდეველებს კი არ მიეცათ ქრისტეს აღიარების საშუალება, არამედ ჯვარცმა მოხდა, რათა ამის საშუალება ყველას მისცემოდა. უფალი ჯვარზე ერთი პერანგით ავიდა, რათა მასთან მიახლოების ასპარეზი და საშუალება ყველა ჩვენგანს მისცემოდა. ამიტომ, გამუდმებით სხვათა მწვალებლობაზე საუბარს იქნებ სიყვარულზე გვესაუბრა. სხვისი ცოდვა-ბრალი ჩვენ არაფერს გვმატებს, დღენიადაგ სხვათა შეცდომებზე საუბარს, სჯობს შენს სიმართლეზე ისაუბრო. პირველყოვლისა, საკუთარ თავს შევახსენებ, თუმცა, სხვასაც არ აწყენდა ამის გაგონება: არ ვამბობ თითქოს, ეკლესიას რაიმე სახით მატერიალური საყრდენი არ გააჩნდეს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო - ქრისტე იერუსალიმში ჯორით შევიდა. იერუსალიმი იმ პერიოდში რომის იმპერიის შემადგენელია. იმ დროს რომს აქვს ეტლები, დღევანდელი ლექსუსი, პრადო. იესო კი ჯორით შევიდა. ესეც ნიშანია თუ რას ასწავლის იესო მის ყველაზე ერთგულ მიმდევრებს. ერთიც მინდა ხაზგასმით ვთქვა -იერუსალიმში შესვლას ჯვარცმა მოჰყვა. ამ შემთხვევაში, რომი, ჩემთვის, ცივილიზაციაა და ქრისტე - კულტურა. ცივილიზაციას კულტურა ჯვარცმისკენ მიჰყავს. რა თქმა უნდა, იგებს ცივილიზაცია, მაგრამ იმარჯვებს კულტურა. აღდგომა ჯვარცმის მერე დგება. ვინატრებდი, რომ დღევანდელი პროცესი აქეთკენ წავიდეს", - აღნიშნა მაღრაძემ.

 

  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner