კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა" დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ურდულების და რეგულატორების ახალი პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, GWP-იმ მსოფლიო ლიდერი, დანიური ბრენდის „AVK"-ას ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები შეიძინა. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა და 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
2017 წელს, თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად ტექნიკური სამუშაოების დროს, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ერთდროულად სამ ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოეები დამთავრების ეტაპზეა: გოკიელის ქუჩაზე - 560 მეტრი სიგრძის, კაკაბაძის ქუჩაზე - 590 მეტრი სიგრძის, ხოლო წუწუნავას ქუჩაზე - 570 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით იცვლება და 11 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 275 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.
ნაძალადევის რაიონში, რატევანის I და II შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - წყალსადენის ქსელის 2კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 19 ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 335 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ამავე რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ მომენტისთვის, წყალარინების ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - წყალსადენის ქსელის 2კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 17 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.