სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, დღეს, 18:00 საათზე, სიონში ანდრია კრიტელის ლოცვას დაესწრება.
ცისანა შარტავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პატრიარქის ოპერაციის შემდგომი პერიოდი ნორმალურად მიმდინარეობს, უწმინდესის მდგომარეობა სტაბილურია.
„კარგად მიდის ყველაფერი. დღეს უწმინდესი მოინახულეს ექიმებმა, მდგომარეობა სტაბილურია. მთავარია, როგორმე შევძლოთ მისთვის მშვიდი გარემოს შექმნა. დღესაც სთხოვეს ექიმებმა სიმშვიდე და დატვირთვა შევამციროთ. ექიმების რჩევა ერთია, რეალობა კი მეორე, რომ პატრიარქი თავს არ ზოგავს, თანაც ახლა ლოცვისა და მარხვის პერიოდია, ახლაც სიონში მიბრძანდება ლოცვაზე. ოპერაციის შემდგომი მკურნალობა კარგად მიდის", - განაცხადა ცისანა შარტავამ.