პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, თუ საქმე ქვეყნის პირველი პირების დაგროვილ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ეხება. რამდენად შეძლებული პრეზიდენტები ჰყავდა საქართველოს და არის თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ისეთივე მდიდარი, როგორც მისივე სიტყვებით, მისი სექსუალური ცხოვრება, ამის გარკვევას AMBEBI.GE შეეცადა:
ზვიად გამსახურდია
ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ხელფასი არ აუღია, თუმცა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელზე საკმაოდ ღირებული უძრავი ქონება ირიცხებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური კოშკი, რომელიც არა მხოლოდ გამსახურდიების ოჯახისთვის, მთელი საქართველოსთვის უკვე დიდი ხანია იქცა მნიშვნელოვან ფასეულობად - 2009 წლის 19 მარტს, ვერაზე, გალის ქუჩაზე მდებარე ორსაუკუნოვან სახლს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი" მიენიჭა. კოშკი 4875 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც დღესაც ცხოვრობს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი. შენობას რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.
ამასთან, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა აფხაზეთში, ბიჭვინთის მახლობლად, სოფელ ლიძავაში მდებარე აგარაკიც, სადაც დღესაც დგას გასული საუკუნის 60-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აშენებული ვილა, რომელსაც აფხაზურად „აფსუა აბაა" (აფხაზური სახლი) ერქვა. პრეზიდენტის ოპონენტების განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია ზვიად გამსახურდიასთვის ნაჩუქარმა დაჯავშნილმა „მერსედესმა". ცნობილია, რომ ავტომობილი, რომლითაც პრეზიდენტი გადაადგილდებოდა, მეშვიდე კატეგორიის ჯავშანმანქანას მიეკუთვნებოდა. ის კიდევ ერთ ავტომობილთან ერთად, მაშინდელმა ოფიციალურმა პირმა კახი ასათიანმა გერმანიაში შეიძინა, თითოეულში კი 42 000 გერმანული მარკა გადაიხადა. ერთი პრეზიდენტის ესკორტს გადაეცა, მეორე - აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძეს. სამთავრობო გადატრიალების შემდეგ, ავტომობილი საქართველოს სამხედრო საბჭოს მფლობელობაში გადავიდა. ამბობენ, რომ მანქანა დღესაც სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე იმყოფება.
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოში სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შევსება სავალდებულო 1998 წლიდან გახდა. ბუნებრივია, მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ერთ-ერთი პირველი ავსებდა აღნიშნულ დოკუმენტს. 1998 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შევარდნაძის საკუთრებაში 150 ათასი ლარის ღირებულების ნივთები ირიცხებოდა. პრეზიდენტის ოჯახის საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურებოდა: „საქართველოს ბანკში" გახსნილ ორ ანაბარში 261 331 ლარი და 195 023 დოლარი ირიცხებოდა (ამ უკანასკნელზე განმარტებისას მითითებული იყო, რომ ალექსანდრე ონასისის პრემია გახლდათ). მეორე ანაბარი კი, ქვეყნის პირველი ლედის ნანული შევარდნაძის სახელზე იყო გაფორმებული.
პარალელურად, „თბილიტერბანკში" პრეზიდენტის მიმდინარე ანგარიშზე 61 358 აშშ დოლარი ირიცხებოდა. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ 1997 წელს, ედუარდ შევარდნაძის წლიურმა ხელფასმა მხოლოდ 3 796 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა.
1999 წელს ედუარდ შევარდნაძეს მიმდინარე ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდა, თუმცა პრეზიდენტის ოჯახს ქართულ და უცხოურ ბანკებში გახსნილმა ანაბრებმა შემოსავალიც მოუტანა. კერძოდ, 31 203 აშშ დოლარი და 3 000 გერმანული მარკა. 2000 წლის დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტს 10 000 აშშ დოლარი ლექციების ჩატარებიდან და სტატიების გამოქვეყნებიდან მიუღია. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის საბანკო ანგარიშები შემდეგნაირად ნაწილდება: „საქართველოს ბანკის" სამ სხვადასხვა ანგარიშზე 9 491 დოლარი, 225 109 დოლარი და 3 327 დოლარი. ამავე პერიოდში, პრეზიდენტის ოჯახი „დოიჩე ბანკში" 731 800 გერმანულ მარკას ინახავდა.
შესაბამისად, შევარდნაძის ოჯახმა საბანკო ანაბრებიდან, 2000 წლის პერიოდში, შემოსავლის სახით მიიღო: 19 203 გერმანული მარკა, 1 180 აშშ დოლარი, 10 937 აშშ დოლარი და 1 055 აშშ დოლარი. 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის წლიური სახელფასო შემოსავალი 4 800 ლარამდე გაიზარდა. დაახლოებით იგივე ციფრები ფიქსირდება 2002 წლის დეკლარაციაშიც. 2003 წლის მონაცემებით კი, საბანკო ანგარიშებიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია.
2003 წლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები აღარ შეუვსია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მან მეორე წიგნიც გამოსცა და ის რამდენიმე ენაზეც ითარგმნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ამჯერად მიიღებდა ურიგო შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ბიზნესშიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ედუარდ შევარდნაძის სიძე, რომელიც დღემდე კომპანია „მაგთის" მფლობელია, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მონოპოლისტად ითვლებოდა.
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მაღალჩინოსნის სტატუსით ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წლის 16 მაისს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 154 კვ.მ-ის მქონე ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. მიხეილ სააკაშვილის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში, რომლის ფართობია 6800 კვ.მ. ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს ყვარელში. მასვე ეკუთვნის 500 კვ.მ. ნაკვეთი გუდაურში. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს „საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 42 328 ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე ანგარიშზე კი 7 080 ევრო და 23 000 დოლარი.
საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსს ანაბარზე „თიბისი ბანკში", 21 000 დოლარი ინახებოდა, ჰოლანდიურ „ING Bank"-ში კი 85 000 ევრო. მიხეილ სააკაშვილს „societe jenerale"-ის მიმდინარე ანგარიშზე 39 000 ევრო ერიცხებოდა. 2013 წელს ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ ყვარელში რვა ნაკვეთი შეიძინა, რომლებშიც ჯამში 105 ათასი ლარი გადაიხადა.
მედიაში არაერთხელ თქმულა მიხეილ სააკაშვილის ბიზნესინტერესების შესახებ. ანალოგიურ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად ავრცელებდნენ. მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ნავთობკომპანიებსა და სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებში არაოფიციალურად ფლობდა წილებს.
გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედებისგან განსხვავებით, საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქონება. მის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე, ასევე მიწის სამი ნაკვეთი ქალაქ დუშეთში. ერთის ფართობია - 946 კვ.მ, მეორე ნაკვეთის - 1200 კვ.მ, მესამის კი - 775 კვ.მ. გარდა ამისა, მარგველაშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს ქალაქ დუშეთში, რომლის ფართობიც 200 კვ.მეტრია. პრეზიდენტის მამის სახელზე კი, თბილისის ცენტრში მდებარე ბინაა, რომლის ფართობი 165 კვ.მ. შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი ოჯახის წევრები ავტომობილს არ ფლობენ. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა „Grooßhadern"-ში გიორგი მარგველაშვილის სახელზე ჩაირიცხა 20 000 ევრო და აღნიშნულიდან დარჩენილია 7 500 ევრო. რაც შეეხება პრეზიდენტის შემოსავლებს, 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მან 82 800 ლარი აიღო. მარგველაშვილის დაფუძნებულია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საიდანაც ყოველწლიურად ლექტორობისთვის დაახლოებით 57 000 ლარის შემოსავალს იღებდა.