საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტელეკომპანია „ რუსთავი 2"-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ „რუსთავი 2" ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2", ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, რომ მედია იყოს პლურალისტური, მედია იყოს თავისუფალი, ეს საზოგადოების დაკვეთაა. მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება იმას, გაუჩნდა თუ არა პირადად მას კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ის „პატივს სცემს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს".
„ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლევან იზორიამ.