აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-მ ამოიღო მნიშვნელოვანი ოდენობის არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ბათუმში, შავი ზღვის პორტში, 177 კგ ჰეროინი და სხვა ოპიოიდები.
„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. 2016 წელს საქართველომ ასევე წარგზავნა პოლიციის ატაშეები იტალიასა და შვედეთში", - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ანგარიშში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, 2016 წელს აშშ აგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლებლობების გასაძლიერებლად, სამართალდამცველებისთვის ოპერატიული და სასწავლო კურსების საშუალებით. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები შემდეგ თემებზე: ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება; კინოლოგიური შესაძლებლობების განვითარება; კომპლექსური და კონსპირაციული გამოძიება; აეროპორტში ნარკოტიკების აკრძალვა; სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარება.
ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წელს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) თბილისში, აშშ-ს საელჩოში ოფისი გახსნა და მუდმივი წარმომადგენელი - ატაშე დანიშნა.
„საქართველოს მთავრობა კვლავ გამოხატავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომ თანამშრომლობის ძლიერ ინტერესს", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.