გასულ კვირას საქართველოში კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა" ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადირება ჰოლანდიიდან განხორციელდა, სადაც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ჯერ კიდევ 2014 წელს დააკავეს.
„მასტერას" საქართველოში ჩამოყვანა დროში დაემთხვა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ირგვლივ აგორებულ სკანდალს. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი ექსტრადირება გახმაურებულ ფარულ ჩანაწერებს, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობდა იმ უწყებას, რომელიც ამ სახის კომპრომატებს აგროვებდა.
გიორგი დგებუაძეს ოფიციალურად ბრალი ედება 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ის უფროსთან, დათა ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის - შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ეს მხოლოდ ამ ეტაპზე, რადგან არ არის გამორიცხული, საქართველოში ექსტრადირებულ „მასტერას" ბრალი სხვა საქმეებზეც დაუმძიმდეს, თუმცა შესაძლოა, მან კუდ-ის ექს-მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის ტაქტიკას მიმართოს, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და არაერთ გახმაურებულ საქმეზე პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე უკრაინიდან ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და ჩვენება დათა ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცა. დგებუაძე კი მელნიკოვზე გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, ვინაიდან მისი სახელი უშუალოდ ფიგურირებს სისხლის სამართლის არაერთ საქმეში, დაწყებული ციხის ბუნტიდან, დამთავრებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კომპრომეტირებით.
რამდენიმე ასეთი საქმის შესახებ ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი გაგაცნობთ ინტერვიუს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელიც გასულ კვირას პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე დაჰკითხა. ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ჰოლანდიაში ყოფნის დროს „მასტერა" პოლიტიკოსების მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების გაყიდვით იყო დაინტერესებული.
შალვა ხაჭაპურიძე, იურისტი:
- ცნობილია, რომ ჰოლანდიის ციხეებში პატიმრებს ინტერნეტთან წვდომა ჩვეულებრივ აქვთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „მასტერას" ჰქონდა ფარული ჩანაწერების ასლები. ამასთან დაკავშირებით გასულ კვირას ინფორმაცია პროკურატურას მივაწოდე. საგამოძიებო ორგანოში დამკითხეს და ცხადია, მოვყევი, საიდან და როგორ მქონდა ეს ინფორმაცია.
- როდის გახდა ეს თქვენთვის ცნობილი?
- ეს იყო 2012 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, რადგან არარეალურ საფრთხედ მივიჩნიე. თუმცა, როგორც დღეს ირკვევა, ეს კადრები უკვე საკმაოდ სერიოზული იარაღია გარკვეული ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას.
- რომელ ძალებს გულისხმობთ?
- ვფიქრობ, ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას, სწორედ მათი რეჟიმის დროს პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ქილერი გახლდათ „მასტერა". ეს ადამიანი მუშაობდა იმ უწყებაში, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა ფარულ ჩანაწერებს, იქნებოდა ეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი თუ სამხედრო პოლიცია.
- ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიაწოდეთ პროკურატურას, ინტიმური სცენების ამსახველ კადრებს ეხება?
- არა, ეს უფრო პოლიტიკური კომპრომატები იყო, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის ლიდერებს. „მასტერამ" თქვა ერთ ადგილას, რომ აქვს კადრები, როგორ ხდებოდა ოპოზიციონერების „დავერბოვკება". მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, გამოვედი ინიციატივით, რომ მომხდარიყო იმ პოლიტიკოსების ლუსტრაცია, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ სააკაშვილის უშიშროებასთან. ეს ინიციატივა დარჩა ინიციატივად და მე პასუხი არ მიმიღია.
- რომელი პოლიტიკური ლიდერების „დავერბოვკებაზე" იყო საუბარი?
- კონკრეტული გვარები არ უხსენებია. უბრალოდ, ჩემი ნაცნობი ჰოლანდიაში შეესწრო „მასტერას" და კიდევ ერთი ქართველის საუბარს, სადაც ის ამბობდა, რომ ჰქონდა ასეთი კადრები, გარდა ამისა, ის ფლობდა პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ კადრებსაც. თუმცა აქცენტი იყო უფრო პოლიტიკურ კომპრომატებზე. შემდეგ ეს ჩემი ნაცნობი საქართველოში ჩამოვიდა, ის ჩემი მეგობარია, და მომიყვა, რომ ასეთი რამ თქვა „მასტერამ" და ის თურმე სიამოვნებით გაყიდის ამ კადრებს, თუ ვინმე მსურველი გამოჩნდება. ამ ყველაფერმა შესაძლოა, სერიოზული ძვრები გამოიწვიოს ქვეყანაში, ამიტომ დღესაც მიმაჩნია, რომ უშიშროებამ უნდა გამოააშკარაოს და მოახდინოს იმ პოლიტიკოსების ლუსტრაცია, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან.
- როგორ ფიქრობთ, ითანამშრომლებს დგებუაძე გამოძიებასთან?
- ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლებას ხელში ჰყავს ოქროს მოწმე, რომელსაც ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს, იქნება ეს გახმაურებულ საქმეებზე თუ ჯერაც გაუხმაურებელზე. თუ საგამოძიებო ორგანოები მასთან გონივრულ მუშაობას წარმართავენ, მინდა გითხრათ, რომ ბევრ დანაშაულს ფარდა აეხდება, „მასტერამ" შეიძლება არ იცის სააკაშვილისა და ადეიშვილის ოფშორული ანგარიშები, მაგრამ ის ღრმად ინფორმირებულია იმ სისხლიანი ტერორის შესახებ, რომელიც ამ წლებში ხდებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას აქვს უზარმაზარი ინფორმაცია ციხის ბუნტზე, ჟვანიას საქმეზე და ა.შ.
- ფიქრობთ, რომ შესაძლოა, „მასტერამ" საჯაროდ დაასახელოს ის პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ?
- კონფუცი ამბობდა, რომ ადამიანის მართვა შეიძლება ორი რამით: შიშით და ინტერესთა თანხვედრით. თუ დგებუაძეს ექნება ინტერესი, ცხადია, ის ალაპარაკდება. წინააღმდეგ შემთხვევაში „მატროსოვის" ციხის სასათბურე პირობებში შესაძლოა, მან არც არაფერი თქვას. პირიქით, შეეცდება, სასამართლო სისტემაში ჩანერგილი ნაციონალური აგენტურის მეშვეობით გამამართლებელ განაჩენსაც გამოჰკრას ხელი.
- სად შედგა „მასტერასთან" საუბარი?
- ეს საუბარი შედგა ჰოლანდიაში. ჩემი მეგობარი მომიყვა იმ საუბრის შესახებ, რასაც შეესწრო. მითხრა, ესენი რომ ეძებენ, აგერ ჰოლანდიაში, მშვენიერ სასტუმროშია წამოჭიმული, კარგს სვამს და კარგს ჭამსო. რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან „მასტერას" კავშირს, კიდევ ვიმეორებ, ჰოლანდიის ციხეებში პატიმრებს აქვთ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა. ქართველმა სამართალდამცველებმა ჰოლანდიელ კოლეგებთან უნდა გაარკვიონ, იყენებდა თუ არა ინტერნეტს დგებუაძე, ვინ მიდიოდა მასთან სანახავად და ა.შ. ყველა ეს დეტალი შესაძლოა, გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
მოკლედ, შესაძლოა, გიორგი დგებუაძის სასამართლო პროცესზე ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოწმენი გავხდეთ. როგორც ჩანს, წინ კიდევ ბევრი სკანდალია, მით უმეტეს, თუ „მასტერა" სააკაშვილის დროს „დავერბოვკებულ" პოლიტიკურ ლიდერებს საჯაროდ დაასახელებს, მანამდე კი საგამოძიებო ორგანოებისთვის ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ იმ სტატიებს გადავავლეთ თვალი, სადაც სწორედ დგებუაძის სახელი ფიგურირებს. მოდით, ვნახოთ, რა სკანდალურ ისტორიებს ითვლის „მასტერას" მეტსახელით ცნობილი უშიშროების ექს-ჩინოსანი:
2007 წლის დეკემბერში ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვას შეეხებოდა. პრესა წერდა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია ქართულმა სპეცსამსახურებმა „მასტერას" მიანდეს, რომელმაც დახმარებისთვის ცნობილ ჩეჩენ ბოევიკს უვაის ახმადოვს მიმართა. შეხვედრა დუბაიში შედგა, სადაც კილერის კონკრეტულმა გვარმაც გაიჟღერა - ეს რუსლან პაპასკირი (ზოონი) უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მან საქმეზე უარი თქვა, „მასტერასთან" შეხვედრის ფარული ჩანაწერი კი ჯერ ბერეზოვსკის მიჰყიდა, მისგან კი ჩანაწერი პატარკაციშვილის ხელში მოხვდა. მილიარდერის ლიკვიდაციის გეგმა ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ ახმადოვმა დგებუაძე ფულის გასაკეთებლად გამოიყენა.
2012 წლის იანვარში „მასტერა" ბაჩო ახალაიამ მეგის ქარდავასთან ერთად თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა და სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო ჩააბარა. ეს სწორედ ის სამმართველოა, რომელიც პოლიტიკოსებისა და სხვა ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებს ქმნიდა. დგებუაძეს სამხედრო მოსამსახურეებთან შეხება მანამდეც ჰქონდა. კერძოდ, მისმა სახელმა გაიჟღერა 2008 წლის 16 აგვისტოს სამხედრო მზვერავის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. შავაძის ოჯახი დღესაც დარწმუნებულია, რომ მზვერავის მკვლელობაში გარეულია კუდ-ის იმდროინდელი ხელმძღვანელობა - დათა ახალაია, გია დგებუაძე და თემურ პატარიძე.
დგებუაძის გვარი ფიგურირებს ციხის ბუნტის გახმაურებულ საქმეშიც. მაშინ „მასტერა" კიდევ ერთხელ ჩაწერეს ფარულად, ამჯერად კრიმინალურმა „ავტორიტეტმა" პლატონ მამარდაშვილმა. ოპოზიციის იმდროინდელი აქტივისტი ლევან ჩიტიძე ამ გახმაურებულ ჩანაწერს იხსენებს:
„ჩანაწერში დგებუაძე საუბრობს „კანონიერ ქურდ" მამარდაშვილთან და გეგმავს ციხის ბუნტს. ის მამარდაშვილს სანაცვლოდ გათავისუფლებას, მანამდე კი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ჰპირდება. „მასტერა" ამ საუბარში ამბობდა იმასაც, რომ ამ სპეცოპერაციით დათა ახალაიას ავტორიტეტი უნდა აღმდგარიყო, - ციხის ბუნტს ჩაახშობს ახალაია და გახდება უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე იყოო. მეორე გავრცელებული ჩანაწერი, სადაც „მასტერა" ფიგურირებდა, გირგვლიანის მკვლელობას ეხებოდა - ის ამბობდა, რომ იმ მაგიდასთან, სადაც შს მინისტრის მეუღლე და ამ სტრუქტურის სხვა წარმომადგენლები ისხდნენ, იმყოფებოდნენ დათა ახალაიაც და ვასილ სანოძეც. ის წუხდა იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობის გამო დააკავეს, არ უნდა დაეკავებინათ. ამავე ჩანაწერში ის ეხება პატარკაციშვილის საკითხსაც და მამარდაშვილს პატარკაციშვილზე კომპრომატებს სთხოვს - ამბობს, რომ შსს-ს აუცილებლად სჭირდება გეგმა, როგორ უნდა ჩამოიცილონ პატარკაციშვილი: „ბადრის ფაქტორი მოქმედებს, გირგვლიანის გამო დაკავებულების გათავისუფლება რომ ვერ ხერხდება და მისი განეიტრალება არის აუცილებელიო", - ამბობს ლევან ჩიტაძე, რომელიც ფიქრობს, რომ დგებუაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ზურაბ ჟვანიას საქმეზეც.
„რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, „მასტერა" ერთადერთი პიროვნება იყო, რომელსაც შეეძლო, სუფთად შეესრულებინა ეს საქმე", - აცხადებს ჩიტიძე.
საზოგადოებაში არსებული ბევრი ეჭვის მიუხედავად, გიორგი დგებუაძეს ბრალი ამ ეტაპზე მხოლოდ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. თუ პროკურატურა მისთვის ბრალის დამძიმებას შეეცდება, მას ინტერპოლის რეგულაციების შესაბამისად, ნებართვის აღება ჰოლანდიური მხარისგან მოუწევს. დგებუაძის ადვოკატი დავით აბესაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„დღევანდელი მდგომარეობით, გიორგი დგებუაძე თავს დამნაშავედ არ გრძნობს წარდგენილ ბრალდებაში. მას წარდგენილი აქვს ბრალი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ეპიზოდში. ეს არის ნავთლუღის ეპიზოდი, სხვა დანარჩენი ბრალდებები თუ ეპიზოდები, რომლებიც გაჟღერებული იყო მანამდე თუ დღეს ჟღერდება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, მას არ აქვს წარდგენილი", - აცხადებს ადვოკატი.
მკითხველს შევახსენებ, რომ 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი დგებუაძემ ქვეყანა დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, არაერთი კომპრომატიც თან გაიყოლა. ამრიგად, გამორიცხული არ არის, საზოგადოებას წინ ბევრი სიურპრიზი ელოდეს.
მირიან ბოქოლიშვილი