logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: დათო მაღრაძემ გვითხრა, რომ ყველა მატარებელში იქნება ხელმისაწვდომი მისი შემოქმედება
- +

4 მარტი. 2017. 01:59



„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია  გაზეთ „ვერსიასთან" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონისთვის მატარებელში მგზავრებს წიგნები დახვდებათ.


- როგორც ვიცი, გიორგი კეკელიძემ და ირაკლი ლომოურმა გამოთქვეს სურვილი, გადმოეცათ საკუთარი წიგნები. სხვა მწერლებსაც თუ აქვთ მსგავსი ინიციატივა ან თქვენ თუ აპირებთ, აქტიურად ჩართოთ ისინი ამ პროექტში?


- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ლომოურს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენთვის უძვირფასესია. ის ძალიან კარგ საქმიანობას ეწევა და ცდილობს ქართულ ლიტერატურაში ფენტეზის ჟანრი დაამკვიდროს, რაც შედარებით ახალი ფენომენია. რაც შეეხება გიორგი კეკელიძეს, გურულებისთვის დამახასიათებელი სისწრაფით მოგვიგვარა უამრავი სირთულე და მისი დახმარებით პროექტი შედგა, საჯარო ბიბლიოთეკიდან მოგვამარაგა წიგნებით. გამომცემლობებიც, პრაქტიკულად, ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან, რადგან წიგნების ბიზნესით მილიონებს ვერ იშოვი. გარდა ამისა, მადლობა სტუდენტებს, რომლებიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, იქცნენ პროექტის ელჩებად - დადიან გამომცემლებში, უნივერსიტეტში, მეგობრებში და აგროვებენ წიგნებს. დათო მაღრაძემაც გამოთქვა დახმარების სურვილი, გვითხრა, რომ ყველა მატარებელში იქნება ხელმისაწვდომი მისი შემოქმედება. რა თქმა უნდა, მინდა სხვა ავტორებსაც შევთავაზო თანამშრომლობა, თუ სურვილი ექნებათ, მოგვაწოდონ საკუთარი შემოქმედება. ეს მათთვისაც კარგი შესაძლებლობა იქნება, გაუზიარონ ნაწარმოებები მკითხველს. ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ მათი ნაწარმოებების გარკვეული პრეზენტაციაც მგზავრებისთვის, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.


- რეგიონებშიც მონაწილეობენ მგზავრები აქციაში?

 

- მთელი საქართველოდან გვიგზავნიან წიგნებს. პრინციპი ასეთია - წიგნები უნდა მიიტანოთ რკინიგზის სადგურში და დაუტოვოთ სადგურის უფროსს ან მორიგეს, შესაბამისი ახსნა-განმარტებით, ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ ის ბიბლიოთეკაში მოხვდეს. ძალიან ბევრი წიგნი ჩამოგვივიდა სამტრედიიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ხაშურიდან... შეიძლება ითქვას, მთელი საქართველოა ამ პროექტში ჩართული.


მიზანი მაშინ იქნება მიღწეული, როცა ერთ მშვენიერ დღეს, მატარებელში აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველა მგზავრს გადაშლილი აქვს წიგნი. ჩვენ გვჯერა, ეს მიღწევადია. კონკრეტული თარიღის თქმა მიჭირს, მაგრამ არ მგონია, დიდი ხანი დასჭირდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, საკმარისია, ერთხელ განიცადო მგზავრობისას კითხვის სიამოვნება, რომ დროის ეს მონაკვეთი ისე აღიქვა, როგორც ნაჩუქარი საათები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner