„ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრაზე ანგარიშით 20:10 დაამარცხა.
დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი ესპანელებმა მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში „ბორჯღალოსნებმა" მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც - ლაშა ხმალაძეს. 49-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელო საეჭვო აღარავისთვის ყოფილა. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 10:10.
59-ე წუთზე „ბორჯღალოსნები" ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა - 20:10.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.