logo_geo
eng_logo
აფხაზური სამხედრო შენაერთები გალის რაიონში შევიდნენ
- +

5 მარტი. 2017. 14:34



ოკუპირებული გალის რაიონის ქვედა ზონაში, ე.წ. გამშვები პინქტების დახურვასთან დაკავშირებული დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, აფხაზური ჯარის 300-დან 500-მდე წარმომადგენელი შეიყვანეს.


ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდა აფხაზეთში დე-ფაქტო მთავრობის ერთ-ერთი მინისტრის ვიზიტს უკავშირდება ამ ტერიტორიაზე და არა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვას.


დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასტან დამაკავშირებელი ხურჩისა და ნაბაკევის ე.წ. გამშვები პუნქტები დახურეს.


გასული წლის დეკემბრის ბოლოს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან არსებული ე.წ. 2 გამშვები პუნქტი უნდა დაიხუროს. დე-ფაქტო აფხაზეთის კანონმდებლობით, დადგენილება 30 დღეში, იანვრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მისი ამოქმედება გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო.


აფხაზი ე.წ. მესაზღვრეების ფარული მხარდაჭერით გალის ქართულმა მოსახლეობამ, ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. არაღიარებული აფხაზეთის მთავრობის მტკიცებით, აღნიშნული ე.წ. გამშვები პუნქტების სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილება არ შეეზღუდებათ, რადგან მათ საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს და ენგურის ცენტრალურ ხიდამდე მისვლა ახალი ავტობუსებით კომფორტულად შეეძლებათ და ე.წ. საზღვრის გადაკვეთას შეუფერხებლად მოახერხებენ.


დღვანდელ დღემდე, ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი 4 ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებდა. გასული წლის დასაწყისში, აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი დახურა.


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner