ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რომელიც საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, გუშინ, საკუთარი პარტიიდან „სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს.
შესაბამისი ინფორმაცია პარტიის ვებ-გვერდზე განთავსდა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო პლატფორმიდან" ვოლსკის გარიცხვა ასევე გულისხმობს, იმას, რომ იგი გაირიცხება „ევროპის სახალხო პარტიიდანაც", რომლის შემადგენლობაშია „სამოქალაქო პლატფორმა".
იაცეკ სარიუშ-ვოლსკი „ევროპის სახალხო პარტიაში" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი „რუსთავი 2″-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „მკვეთრად არასწორსა" და „პოლიტიკურს" უწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ „ვიდრე „რუსთავი 2″-ის ბედი არ გაირკვევა, ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს".