logo_geo
eng_logo
საქართველო-ესტონეთის 2017-2020 წლების კულტურული თანამშრომლობის პროგრამა
- +

5 მარტი. 2017. 23:19


 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მოწვევით, 6-7  მარტს თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის   მინისტრი ინდრეკ საარი სტუმრობს. ვიზიტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს, ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ოფიციალური შეხვედრებისას შესაბამის პრიორიტეტულ საკითხთა შეჯერებასთან ერთად, წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს  შორის 2017-2020 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

 

თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერა შედგება 6 მარტს, 11:30 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

 

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის  მინისტრი ინდრეკ საარი.


კულტურული თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს  2017-2020 წლებისთვის საქართველოსა და ესტონეთს შორის კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები ხელს შეუწყობენ ხელოვანების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ სხვადასხვა საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში; ერთობლივად იმუშავებენ ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნისა და გავრცელების მიმართულებით; მოხდება ფილმების ერთობლივი წარმოების მხარდაჭერა, აგრეთვე,  ითანამშრომლებენ ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროებშიც.


ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის  მინისტრ ინდრეკ საართან ერთად, ესტონური დელეგაციის შემადგენლობით საქართველოს ასევე ეწვევიან მინისტრის მრჩეველი მარის სილდი და კომუნიკაციების დეპარტამენტის მრჩეველი კაი-ინეს ნელსონი.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრს. დაგეგმილია ესტონური დელეგაციის შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ამასთან -  ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის მონახულება, იქიდან გამომდინარე, რომ ესტონეთის კულტურის მინისტრის კომპეტენციას სპორტის სფეროც განეკუთვნება.


ინდრეკ საარის საქართველოში ვიზიტის ორგანიზება, ესტონეთში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner