უკვე ორი წელია, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, თედო კობახიძის თავზე შავი ღრუბლები ტრიალებს - მისი გზა ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ რთული, სკანდალებით სავსე აღმოჩნდა. პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის უმცროს ძმას, ხან ყოფილი თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ, ხან - პოლიტიკური ოპონენტები. კობახიძეს „თბილისელებთან" მიცემულ ინტერვიუში, არც უხერხული თემებისთვის აურიდებია თავი და ისიც გაუმხილა, ჰქონდა თუ არა წვლილი მის კარიერაში დას, მანანა კობახიძეს. არ დაუმალავს არც ის, თუ როგორ გადაიტანა საკრებულოში ბოლო ორი წელი.
თედო კობახიძე: ორი წელია, ამ სკანდალებს თავი ვერ დავაღწიე. მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოში შემოვედი, ჩვენ მიერ განხორციელდა ბევრი საინტერესო პროექტი. მართალია, მე არ ვარ მაჟორიტარი, პროპორციული წესით არჩეულო დეპუტატი გახლავართ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეულობით ადამიანს გავუწიეთ რეალური დახმარება, მაგრამ, ამაზე აქცენტი არასდროს გამიკეთებია. ის კამპანია, რაც აქტიურად მიდიოდა ჩემ წინააღმდეგ, წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი იყო. ერთ შემთხვევაში, ისტორია ეხებოდა ჩემს ყოფილ მძღოლს, რომელიც დღეს ბერლინში ცხოვრობს. ალბათ, ლოგიკური იქნებოდა კითხვა, როგორ მოახერხა ბერლინში წასვლა ადამიანმა, რომელიც ამბობდა, რომ გარეთ გამოსასვლელი ფული არ ჰქონდა. ის უმუშევარი იყო და ხან ჩემს დას და ხან მე, მუდმივად გვთხოვდა დასაქმებას. როდესაც საშუალება მომეცა, ვადიანი ხელშეკრულებით ავიყვანე და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, რომ არ იყო მუდმივ შტატში. როგორც კი ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა, ის სამსახურიდან გათავისუფლდა. ამ ისტორიას წინ უძღოდა ჩემი დის, პარტია „ქართული ოცნების" პირველი თავმჯდომარის და პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ დაწყებული სკანდალი, რომელიც ყველამ იცის, როგორც დასრულდა - ალეკო ელისაშვილმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რამაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ მთელი მისი კამპანია ტყუილი და ცილისწამება იყო. ჩემზე თავდასხმა მანანა კობახიძის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი გახლდათ, ამის გამო აღმოვჩნდი იმ მოვლენების ეპიცენტრში, რაც შემდეგ განვითარდა. მას შემდეგ, რაც ჩემი დის წინააღმდეგ ელისაშვილის მიერ აგორებული კამპანია სამარცხვინოდ მთავრდებოდა, ასპარეზზე გამოვიდა კიდევ ერთი ადამიანი, კობა კობახიძე, რომელიც ერთ დროს პარტიაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იყო. მან, რა თქმა უნდა, რეალურად ვერაფერი წარმოადგინა, რაც მის ბრალდებებს დაადასტურებდა. დასრულდებოდა ერთი თემა და მაშინვე ჩნდებოდა ახალი „სიუჟეტები," ახალი „პერსონაჟებით", რაც მიმართული იყო ჩვენი დისკრედიტაციისკენ. ჩემთვის ის პერიოდი ძალიან მძიმე იყო. მე მაქვს ოჯახი. მყავს ხანდაზმული მამა, მამიდა, რომელიც შეეწირა ამ ცილისწამებებს. ეს არ იყო ადვილი, თუმცა როდესაც მიდიხარ პოლიტიკაში, ასეთი დარტყმებისთვისაც მზად უნდა იყო. ძნელია, რაღაცას რომ გაბრალებენ და შენ, თავის მართლება გიწევს, ადამიანს სიკეთეს უკეთებ და ის უკან ძალიან ცუდად გიბრუნდება, იმიტომ რომ, ვიღაც ამით თავის კეთილდღეობას იწყობს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღევანდელი კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, ადამიანს ცილისწამებისთვის მოეთხოვოს პასუხი. როგორ შეიძლებოდა, ვინმესთვის ფული გამომეძალა, როცა ჩვენ ირგვლივ ყველამ კარგად იცოდა, როგორ ვეხმარებოდი მას საკმაოდ ხშირად. თუ თავიდან რამდენიმე ათასი ლარის თემაში „აღმოვჩნდი," დროთა განმავლობაში, თანხა თუ არ ვცდები, 300 ლარზე ჩამოვიდა. საქმე ისაა, რომ ყველა ეპიზოდი მოიცავდა მხოლოდ ხმაურიან განცხადებებს, ცრუ ბრალდებებს და არ იყო არანაირი ფაქტები, მტკიცებულებები, რაც ამ ჭორებს დაადასტურებდა. თუნდაც, ახალი, ბოლო ისტორია, რომელიც გამოჩხრიკეს, რომ მე, თურმე ვჩაგრავ ადამიანს, რომელიც ერთის მხრივ თვითონვე აცხადებს, არც კი შევხვედრივარო. მე, მათგან განსხვავებით, ვინც მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლნენ, მივმართე საგამომძიებლო უწყებებს, რათა დაწყებულიყო გამოძიება და შესაბამისად, პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ჩემს ქმედებაზე. რატომ არ გააკეთეს იგივე იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ასეთი მძიმე ბრალდებებით გამოდიოდა? გარდა იმისა, რომ ჩემ წინააღმდეგ აგორებული სკანდალები იყო მიმართული ჩემი დის წინააღმდეგ, ჩემზე დარტყმა იყო დარტყმა, „ქართულ ოცნებაზე" - მე ვარ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და პარტიის ცენტრალურ ოფისში ყოველთვის მაღალ პარტიულ თანამდებობას ვიკავებდი. კოალიციაში ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე კოალიციისა და პარტიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; შტაბურ რეჟიმში, პრეზიდენტის და თვითმმართველობის არჩევნების დროს კი, იურიდიული სამსახურის უფროსი, შესაბამისად, ჩემი დისკრედიტაცია სახელისუფლებო გუნდის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
- ეს პოზიცია ამ სკანდალებად ღირდა? არ გიფიქრიათ, თუნდაც მანანა კობახიძის ინტერესების გათვალისწინებით, გაცლოდით საკრებულოს? რადგან, როგორც ამბობენ, თქვენმა დამ, სწორედ თქვენთან დაკავშირებული ხმაურიანი ამბების გამო, დაკარგა პოზიციები პოლიტიკურ ელიტაში.
- ვერ დაგეთანხმებით, რომ მანანა კობახიძემ პოზიციები დაკარგა და უკანა გადაინაცვლა - მას ჰქონდა შეთავაზება პარლამენტის ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, მაგრამ მან თავად თქვა უარი ამ პოზიციაზე. ეს იყო მისი არჩევანი. დღეს მოგეხსენებათ, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, რაც ყველა იურისტისთვის, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაა. რაც შეეხება სიტუაციიდან გაცლას, როდესაც ჩემზე ეს დარტყმები წამოვიდა, ვიფიქრე, რომ გაცლა, იქნებოდა აღიარება - თითქოს მე მართლაც დამნაშავე ვიყავი. როცა მართალი ხარ, არაფრის გეშინია. მე ამ შოუში არავის ავყვებოდი, არ ვითამაშებდი სხვის თამაშს და დავდექი სიმართლის გზაზე.
- რა როლი მიუძღვის დას თქვენს პროფესიულ კარიერაში და პოლიტიკურ გზაზე?
- ოჯახში პირველი იურისტი მე ვიყავი. უკვე უზენაეს სასამართლოში ვმუშაობდი, როდესაც მანანამ იურიდიულზე ჩააბარა. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ მანანა იურისპრუდენციაში მე ჩავითრიე (იცინის). ჩვენ გვაქვს ტრადიციული, ძალიან კარგი დაძმობა. გვყავს უფროსი და - მაკა. აქტიურად ვართ ჩართულები ერთმანეთის ცხოვრებაში. ისეთი ოჯახი არ გვაქვს, რომლის წევრებიც თვეები გავა და ერთმანეთს ვერ ნახულობენ. პირიქით, სულ ერთად ვართ, როცა გვაქვს ამის დრო. ჩემი დები ჩემზე 13 და 10 წლით უფროსები არიან. მე ვიყავი ოჯახში ნაბოლარა შვილი და როგორც ქართულ ოჯახებში ხდება, ასეთ დროს დებს ძმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. 23 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო - ყველაზე დიდი ტკივილი, რაც გავიარე, ერთ დღეში, ბიჭობიდან გავიზარდე, როცა დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული. სულ მქონდა განცდა, რომ შემეძლო მისი გადარჩენა და ვერ მოვახერხე. ბავშვობის ლაღ წლებს მოჰყვა მძიმე წლები. საერთო გაჭირვება თბილისში, ომი, რაც ყველამ მძიმედ გადაიტანა. უზენაესი სასამართლოდან რომ წამოვედი, მუშაობა კერძო სექტორში, ადვოკატად დავიწყე. იმ პერიოდში მანანა „კონსტიტუციის 42-ე მუხლში" მუშაობდა. მე ჩემით მივიკვლევდი გზას.
- დღეს როგორია კადრს მიღმა ჩინოვნიკი თედო კობახიძის ცხოვრება?
- ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. მყავს მეუღლე, რომელიც ასევე, იურისტია პროფესიით. ნანუკა უზენაეს სასამართლოში მუშაობის დროს გავიცანი. ჩვენ გვყავს სამი შვილი - 7 წლის მარიამი და ერთი წლის ტყუპები: არჩილი და ანდრია. მათი დაბადება ჩვენთვის სასწაული გახლდათ. არჩევნები დასრულებული იყო, როცა მხვდა პატივი, ოჯახთან და ჩემი კომიტეტის წევრებთან ერთად, მიწვეული ვყოფილიყავი მის უწმიდესობასთან. ამ შეხვედრის ბოლოს, როცა პატრიარქმა დაგვასაჩუქრა ახალი აღთქმით, ფსალმუნებით, საგალობლებით, გავკადნიერდი და უწმიდესს ვთხოვე, ტყუპებზე დაველოცეთ მე და ჩემი მეუღლე. ეს კი გავიფიქრე, მაგრამ ვეღარ შევბედე, ბიჭები მეხსენებინა, მარტო ტყუპებს დავჯერდი (იცინის). უწმიდესმა შემომხედა და მითხრა, ჩემთან წყვილი დადიოდა, რომელთაც 14 წელი შვილი არ ჰყავდათ. მე რომ დავლოცე, შეეძინათ ტყუპი ვაჟებიო და ნანუკას თავზე ხელი დაადო. დაახლოებით 3 წლის შემდეგ, გავიგეთ, რომ ნანუკა ორსულად იყო - ტყუპები და თან, ბიჭები უნდა გვყოლოდა. მაშინვე პატრიარქის ნათქვამი გამახსენდა. ბიჭები დროზე ადრე, ნათლისღებას გაჩნდნენ და ბუნებრივია, ორივე პატრიარქის ნათლული იქნება. თავს არ შევიქებ, მაგრამ მგონია, რომ კარგი მამა ვარ. როცა შემიძლია, ყველანაირად ვცდილობ, მუდმივად ჩართული ვიყო როგორც მარიამის, ასევე ტყუპების ცხოვრებაში. მათ კვებაზეც ვზრუნავ, დაძინებაზეც და გასეირნებაზეც. ბევრჯერ მიჭმევია მათთვის საკუთარი ხელით. ვცდილობ, არ გამომრჩეს და გამომეპაროს მნიშვნელოვანი ამბები, რაც მათ უკავშირდება და რაც ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო, მარიამთან, თითქოს გამომრჩა. საღამოს ჩემი სახლში მისვლა, მარიამისთვის, არჩილისა და ანდრიასთვის დიდი დღესასწაულია. თუ არ სძინავთ, ყველა ერთად მორბის თუ მოფოფხავს ჩემკენ. შაბათობით, მარიამთან ერთად, დროდადრო კინოშიც დავდივარ. ასე რომ, საბავშვო თემატიკა ჩემს ცხოვრებაში ძალიან აქტუალურად დგას (იცინის). სამსახურს მიღმა ჩემი ცხოვრება მშვიდია. მეგობრული და გახსნილი ადამიანი მგონია საკუთარი თავი და იმ მითებს, რასაც ჩემზე ავრცელებენ, ყველამ, ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ სიმართლესთან კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, მავანთა მცდელობა, შეექმნათ ჩემთვის სხვა იმიჯი, ჩემს ცხოვრებაზე ცუდად აისახა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს პერიოდიც, ისევე როგორც ყველა სხვა სირთულე, აუცილებლად გაივლის.