logo_geo
eng_logo
ლია ჯახველაძე: თენგიზ აბულაძის ქუჩას სახელი, მისი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით გადაერქვა
- +

5 მარტი. 2017. 23:56



თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ვაკის რაიონში, რეჟისორ თენგიზ აბულაძის სახელობის ქუჩას, დიპლომატ ლევან მიქელაძის სახელი მიენიჭება, ხოლო აბულაძის სახელი, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახალ ქუჩას, რეჟისორის ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შედეგად დაერქმევა.


​როგორც „სითი კვირას" სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ განუმარტა, თბილისში, ყიფშიძის ქუჩასა და ჭავჭავაძის ჩიხს შორის გასასვლელ ქუჩას, რეჟისორ თენგიზ აბულაძის სახელი, 2003 წელს მიენიჭა. ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო პროცესების შემდგომ, ახალი კორპუსების სახით მთლიანი დასახლება წარმოიქმნა. სამშენებლო კომპანიებმა ქუჩაზე დადგმული ახალი შენობები საკუთარი სურვილის მიხედვით დანომრეს, რაც ქუჩის დანომვრის თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება.


შედეგად, თენგიზ აბულაძის ქუჩასთან გაჩნდა შესახვევი, საიდანაც დროთა განმავლობაში განვითარდა გასასვლელი და შედეგად აბულაძის სახელობის ორი ქუჩა წარმოიქმნა.


„დაგეგმარების თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, უნდა არსებობდეს ერთი არტერია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ცალ-ცალკე ჩიხები და გასასვლელები, მაგრამ, როდესაც შესახვევს კიდევ გასასვლელი განუვითარდება, ასეთ შემთხვევაში ქუჩას ცალკე სახელი უნდა ეწოდოს",- აცხადებს ლია ჯახველაძე.


​მისივე თქმით, ხარვეზი კიდევ უფრო თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაც დედაქალაქის საკრებულომ, 2016 წელს, თბილისში ახალი აბრების გაკვრა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ თენგის აბულაძის ქუჩასა და მის მიმდებარედ არ იყო საერთო ნუმერაცია, რის გამოც დისკომფორტი ექმნებოდა ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც.


„ნუმერაცია იყო ძალიან არეული. თანამედროვე სტანდარტების სისტემური ნუმერაცია ვერ გაკეთდებოდა, იმიტომ, რომ ქუჩა და გასასვლელები ერთმანეთში იყო ახლართული. გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ დასახლება ორ პატარა, მაგრამ ძირითად ქუჩად ჩამოყალიბებულიყო, კერძოდ, დარჩენილიყო ერთი ქუჩა, რომელიც თვითონ თენგიზ აბულაძის სახელობისაა, ხოლო მეორე ქუჩისთვის და მიმდებარე ჩიხისთვის სხვა სახელი მიგვენიჭებინა",- განმარტავს ლია ჯახველაძე.


​თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, არქიტექტურის სამსახურთან და რეესტრთან კონსულტაციების შემდეგ, ქუჩის ნაწილად გაყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, ის თუ რომელ მათგანი იქნებოდა თენგის აბულაძის სახელობის, თავად რეჟისორის ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა.


გავითვალისწინეთ რა, თენგიზ აბულაძის სახელის მნიშვნელობა და ავტორიტეტი, კონსულტაციები გავიარეთ რეჟისორის ოჯახის წევრებთან და მივეცით არჩევანის საშუალება, თუ რომელი ქუჩისთვის დაგვეტოვებინა მისი სახელი. ქუჩისთვის, რომელიც აბულაძის სახელობის 2003 წელს გახდა, თუ ახალი ქუჩისთვის? რეჟისორის ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, თენგიზ აბულაძის სახელი ახალ ქუჩას მიენიჭა, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სახლი, სადაც თავად რეჟისორი ცხოვრობდა", - განმარტავს ლია ჯახველაძე.


მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ არ მომხდარიყო დუბლირება, ქუჩას, რომელიც მანამდე თენგიზ აბულაძის სახელობის იყო, გადაერქვა სახელი და დიპლომატ ლევან მიქელაძის სახელი დაერქვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner