logo_geo
eng_logo
ლია მუხაშავრია: სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ამბობს, რომ უზენაესის გადაწყვეტილება უსამართლოა
- +

6 მარტი. 2017. 00:23



ადვოკატი ლია მუხაშავრია „აიპრესთან" სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სარჩელის გათვალისწინებით სტრასბურგის სასამართლომ 8 მარტამდე შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.


მუხაშავრია განმარტავს, რომ მომხდარი ფაქტი უპრეცედენტოა. აქვე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს შემდეგი ნაბიჯი იმაზეა დამოკიდებული, რა განმარტებებსა და მტკიცებულებებს წარადგენენ მხარეები 8 მარტამდე.


ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილება უზენაესის იმიჯზე არ იმოქმედებს, რადგან ეს არ ნიშნავს, რომ უკანასკნელმა უკანონო, ან უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.


ლია მუხაშავრია: ეს ფაქტი მართლაც უპრეცედენტოა, რადგან 39-ე მუხლის გამოყენება, როგორც წესის, ხდებოდა მხოლოდ სიცოცხლის უფლებისა და წამების შემთხვევებში, როდესაც დასაბუთდებოდა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი, არა თავის ქვეყანაში, გახდებოდა სიკვდილით დასჯის, ან წამების მსხვერპლი. ეს არის მართლაც პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროსასამართლომ მოკლე დროით შეაჩერა საქართველოს მთავრობა იმ გადაწყვეტილების აღსრულებისგან, რომელიც მიიღო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ.


უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საკმაოდ მოკლე ვადაა მიცემული. ამ დროში საქართველოს მთავრობას ეძლევა სრული შესაძლებლობა, დაარწმუნოს ევროპის სასამართლო, რომ ან გააგრძელოს ეს ღონისძიება, ან შეწყვიტოს და ჩვეულებრივი განხილვა მოაწყოს. ეს უკვე დამოკიდებულია მხარეთა მიერ გაგზავნილ მტკიცებულებებსა და განმარტებებზე.

 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გააგრძელოს სტრასბურგის სასამართლომ შეჩერების ღონისძიების გამოყენება?


- ვერ გეტყვით. ამის თქმა წინასწარ ძალიან რთულია იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა განმარტებებს გააგზავნიან მხარეები. რამდენად გაიზიარებს ამას სასამართლო. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომლის განჭვრეტაც, მით უფრო, რომ პრეცედენტულ სფეროში შევედით და აქამდე არარსებული პრაქტიკა გაჩნდა, ასეთ შემთხვევაში რაიმეს წინასწარ თქმა სრულიად ზედმეტი და არაკვალიფიციური იქნებოდა.


- რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტი უზენაესი სასამართლოს იმიჯზე? შეიტანა თუ არა ეჭვი სტრასბურგის სასამართლომ მისი გადაწყვეტილების სისწორეში?


- ეს გადაწყვეტილება არ ამბობს, რომ უზენაესის დიდი პალატის გადაწყვეტილება უკანონო, უსამართლო, ან დარღვევაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამბობს იმას, რომ ვიდრე გავერკვევი და დავადგენ, რაშია საქმე, იმისთვის, რომ არ მოხდეს გამოუსწორებელი ზიანის დადგომა, მანამდე ვაძლევ მთავრობას შესაძლებლობას, რომ შეჩერდეს ეს ღონისძიება და როცა გავერკვევით მერე განვაგრძობთ ამ საკითხზე მსჯელობას.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner