კომპანია ,,მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია მძიმე ბრალდებით დააკავეს. ბრკალაიას დაკავება ,,ნიუპოსტს" შს სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, „მათე მოტორსის" მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 144-ე მუხლის (წამების მუქარა) მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 157-ე პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაა დაკავებული. დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, ბარკალაიას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„კურიერის" ინფორმაციით, თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც უცნობი ქალი მათე მოტორსის დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.
გელა ბარკალაია 2009 წელს, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დააკავეს. მაშინ ბიზნესმენს რამდენიმე მანქანა ჩამოართვეს. ქონება ბიზნესმენს 2015 წლის 24 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ დაუბრუნა. „მათე მოტორსის" დამფუძნებელს, ბიზნესმენ გელა ბარკალაიას 10, დანარჩენ ორ მოქალაქეს კი ორი ავტომანქანა დაუბრუნდა.